ერთობლივი საგანგებო დეკლარაცია – ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კონსტიტუციის დასაცავად

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ერთობლივი კრიტიკის საგანი გახდა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან. საზოგადოების უმრავლესობა კონსტიტუციის ახალ პროექტს დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველად და ერთპარტიული მმართველობის დამყარების წინაპირობად მიიჩნევს. სწორედ კონსტიტუციის და დემოკრატიის დაცვის მიზნით შეიქმნა სამოქალაქო მოძროაბა „დაიცავი კონსტიტუცია“, მოძრაობამ საგანგებო დეკლარაციაც შეიმუშავა.

დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დაცული და შენარჩუნებული იქნას ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული და კონსტიტუციური საფუძვლები, გამოვთქვამთ უდიდეს შეშფოთებას კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ და ხელს ვაწერთ ამ დეკლარაციას.

კონსტიტუცია, როგორც საერთო და შეთანხმებულ ღირებულებათა კრებული, როგორც სახელმწიფო, პოლიტიკური და დემოკრატიული წესრიგის გარანტი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეთანხმება. სამწუხაროდ, ამას მმართველი პოლიტიკური ორგანიზაცია მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებრივი ინტერსებიდან გამომდინარე აღიქვამს, რის გამოც იგი თვითიზოლაციაშია.

ხელისუფლებაში მყოფი პარტია მარტო დარჩა კონსტიტუციურ ცვლილებათა პროცესში. საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტში მხოლოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებია ასახული და არ არსებობს საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსი. ჩვენთვის მიუღებელია საკონსტიტუციო ცვლილებათა ის პაკეტი, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია. წარმოდგენილ პროექტს კატეგორიულად არ ეთანხმებიან კონსტიტუციური ორგანოები: საქართველოს პრეზიდენტი და სახალხო დამცველი; აგრეთვე, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, ექსპერტები, სამოქალაქო სექტორის, შემოქმედებითი და აკადემიური სივრცის წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერნი, მთლიანად ქართული საზოგადოება.

მიგვაჩნია, რომ:

1. დაუშვებელია, საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევის წესის ცვლილება, მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს მეთაურის არჩევის უფლების წართმევა;

2. დაუშვებელია, საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლების გაუქმება;

3. დაუშვებელია, ასეთ პირობებში 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დატოვება, მისი არშემიცირება;

4. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ ერთი, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის გადაცემა, ისევე, როგორც მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება;

5. დაუშვებელია, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება;

6. დაუშვებელია, პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლება-მოსილებების ანულირება;

7. დაუშვებელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის წესის ცვლილება;

8. დაუშვებელია, ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის გაუქმება.

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ერთპარტიული პროექტი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსის არარსებობა, მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესის არალეგიტიმურობა უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკურ სისტემას, მის დამფუძნებელ კონსტიტუციასა და ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვაცხადებთ:

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ვიწყებთ სამოქალაქო მოძრაობას საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად, რათა საერთო-სახალხო ძალისხმევით წინ აღვუდგეთ მიმდინარე ანტიკონსტიტუციურ პროცესებს, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფას, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობას, ხელისუფლების უზურპაციას;

ვიწყებთ სამოქალაქო მოძრაობას, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საფუძვლები და პერსპექტივები.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალაუფლების განვრცობა და კონსტიტუციის მორგება საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე.

ვთხოვთ, საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას, თანადგომა აღმოგვიჩინოს ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული საფუძვლების დაცვაში.

მოქალაქენო, ერთად დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია!

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება უზურპაციიის გზას დაადგა, ახალი კონსტიტუცია მთლიანად ცვლის სახელმწიფოს მოწყობას” – ქუთელია
შემდეგი სტატია„აბსოლუტურად არ მაღელვებს ეგ საკითხი” – მურუსიძე უვადოდ ინიშნება