ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ იქნება სასამართლო დამოუკიდებელი და დღესვე დავტოვებ პარლამენტს – გოგიჩაიშვილი

„არცერთ თქვენგანს, ვინც დღეს ანტიკონსტიტუციურობაზე საუბრობთ, არ გამოგითქვამთ პრეტენზია, რომ ეს არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან,“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა თანაგუნდელების მისამართით გააკეთა.

პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების საკანონმდებლო ინციატივაზე მსჯელობენ, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადავადებას გულისხმობს.

ლევან გოგიჩაიშვილმა თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება და ინიციატივა მხოლოდ იმის გამო არ დაბლოკონ, რომ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ არის წარდგენილი.

გოგიჩაშვილის თქმით, დღევანდელი განხილვა და შემდეგ კენჭისყრა წყალგამყოფია, რადგან გამოჩნდება საპარლამენტო უმრავლესობის შეხედულება მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით.

„წყალგამყოფია დღევანდელი კანონპროექტის კენჭისყრა იმიტომ, რომ ერთდერთი გამოსავალი არის ეს, რომელიც გამოგვიყვანს, პირველ რიგში, ჩვენს ხელისუფლებას და უმრავლესობას იმ ჩიხიდან, რომელიც საკუთარი ხელით შევქმენით. კანონებს ვიღებთ, რაშიც აღარავინ გვეთანხმება, აბსოლუტურად, არვინ ჩვენკენ არ არის, ამ იდეაში, ამ მოცემულობაში მარტონი ვართ,“ – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებაც გააკრიტიკა, სადაც ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდის უმრავლესობა კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა. გოგიჩაიშვილის შეფასებით, პოლიტსაბჭომ უკვე მეორედ გააკეთა არასწორი განცხადება.

„ეს იყო მეორეჯერ არასწორი განცხადება, რომელმაც კიდევ უფრო მეტად მძიმე ჩიხში შეიყვანა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ დეპუტატები დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას არა სახელმძღვანელო პრინციპებით, რაც იყო გუშინ ჩამოწერილი იმ განცხადებაში, არამედ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი გრძნობს საკუთარი თავის, სინდისის და იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც არიან მთავარი გარანტორები ჩვენი აქ ყოფნის, ეს არის მთავარი ფუნდამენტური პრინციპი,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩრების მოთხოვნაზე საუბრისას გოგიჩაიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ დატოვოს პარლამენტი, თუ გარანტია ექნება, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრები სასამართლოს ხელში არ ჩაიგდებენ.

„ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ იქნება სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი და ამ ჯგუფს ხელში არ ჩავუგდებთ, დღესვე დავტოვებ პარლამენტს, ოღონდ ეს გარანტია არსებობდეს, მაგრამ ეს გარანტია არ არის იმიტომ, რომ ტესტია დღევანდელი გადაწყვეტილება,“ – ამბობს გოგიჩაიშვილი.

banner
წინა სტატიაშილუკა კურტანიძემ ბიზნესმენ მერაბ ფერაძეს 2 მილიონ-ნახევარი დოლარი გამოსძალა?
შემდეგი სტატიანიკა მელია – მურუსიძე, ჩინჩალაძე, თუ თქვენი და ჩვენი შვილები, შვილიშვილები, ეს ერთგვარი რეფერენდუმია