ერთჯერადი ჩაი, ხელოვნური რუჯი, პრეზერვატივები – პირველი მსოფლიო ომის ინოვაციები

პირველმა მსოფლიო ომმა კაცობრიობას რამდენიმე მოულოდნელი აღმოჩენა დაუტოვა, რომელიც მასობრივ მკვლელობებთან არ არის დაკავშირებული. ომის დასრულებიდან ას წლისთავზე “ბიბისიმ” რამდენიმე სიახლე გაიხსენა, რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
1917 წლიდან სისხლის გადასხმის გამოყენება დაიწყეს ომში ჩართულ ყველა ქვეყანაში. ამან დასაბამი მისცა რამდენიმე აღმოჩენას: რომ სისხლი შესაბამისი უნდა იყოს, მაგრამ ჯგუფებით განსაზღვრებადია, რომ ნატრიუმის ციტრატის მცირეოდენი დამატება სისხლის შედედებას უშლის ხელს, რომ სისხლი, შესაძლებელია მაცივარში შეინახონ.
სისხლის გადასხმის წყალობით, დაჭრილი ბრიტანელი ჯარისკაცების 92% გადარჩა. 1899-1902 წლების ანგლო-ბურების ომი უკანასკნელი იყო, როცა სანიტარულმა დანაკარგმა საომარს გადააჭარბა.
ახალზელანდიელმა ქირურგმა ჰაროლდ გილესმა, რომელიც ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა, პირველმა გადაუნერგა პაციენტს სახეზე სხეულის სხვა ნაწილებიდან ათლილი კანი. იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად დაებრუნებინა დასახიჩრებული ჯარისკაცებისათვის თავდაპირველი სახე, ჰაროლდ გილესი კონსულტაციებს გადიოდა სკულპტორებთან. ომის შემდეგ მან ომის გამოცდილებას თავი მოუყარა წიგნში “სახის პლასტიკური ქირურგია” და მსოფლიოში პირველმა დააარსა პლასტიკური ქირურგიის კლინიკა.
ალუმინის პირველი პროტეზი 1912 წელს ბრიტანელმა ინჟინერმა ჩარლზ დეზუტერმა საკუთარი ძმისთვის შექმნა, რომელიც მოყვარული მფრინავი იყო და რომელმაც ერთ-ერთი ავიაკატასტროფის დროს ფეხი დაკარგა. პირველი მსოფლიო ომის დროს პროტეზის წარმოება მასიურად დაიწყო. ალუმინის პროტეზი ხისაზე ძვირი ღირდა, თუმცა, წონით მსიბუქი იყო და დიდხანსაც ძლებდა.
1916 წელს ბერლინელმა ექიმმა კარლ გულდჩინსკიმ რაჰიტიანი და უჭმელობისგან ფერდაკარგული ბავშვების კვარცის ნათურებით დასხივება დაიწყო, ზაფხულში კი თავის ახალგაზრდა პაციენტებს მზის აბაზანის მიღებას ურჩევდა. როცა დადასტურდა, რომ ახალი მეთოდი ძვლებს ამაგრებს, მთელ გერმანაიში დაიწყეს ბავშვების კვარცის ნათურების წინ დასმა. საბოლოოდ დადგინდა, რომ ულტრაიისფერი ორგანიზმში დე ვიტამინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, კალცის შეწოვას აუმჯობესებს.
ომში მომუშავე ფრანგი ქირურგის რენე ლერიშის იდეა იყო ექიმებისთვის და მედდებისთვის თეთრის მაგივრად ლურჯი ხალათები და ქუდები გამოეყენებინათ, რომ ქირურგიული უნიფორმის სხვისგან გარჩევა ადვილი ყოფილიყო, რაც მისი სტერილურობის კონტროლს გაამარტივებდა. ომის შემდეგ ჩვევა მთელს მსოფლიოში გავრცელდა.
1914 წელს ამერიკულმა კომპანია Kimberly-Clark-მა ბამბა დაიპატენტა და ანტანტის ქვეყნეში სწრაფად გავრცელდა. მედდებმა სიახლე სწორად შეაფასეს და მას სხვა გამოყენებაც მოუძებნეს. ომის შემდეგ ბამბაზე მოთხოვნა დაეცა. კომპანიას ბევრი ბამბა დარჩა, რომელიც რაღაცნაირად უნდა გამოეყენებინათ. 1920 წელს გაყიდვებში გამოჩნდა ქალების პირველი ჰიგიენური საფენები Kotex-ის ბრენდით.
პირველი მსოფლიო ომის დროს მოდაში შემოვიდა ტყავის ქურთუკები – მასში ტილები არ ჩნდებოდა.
1913 წელს ამერიკაში ემიგრირებულმა შვედმა გედეონ სუინდბეკმა “ელვა” შესაკრავი დააპატენტა. მეწარმეობა ამ გამოგონებით არ დაინტერესებულა, თუმცა, ომში ის ბრიტანელმა და კანადელმა მეზღვაურებმა გამოსცადეს, მაგრამ არა ტანსაცმელზე, არამედ, საფულეებზე.
1920 წელს სიახლეს ყურადღება მიაქცია პარიზელმა დიზაინერმა ელზა სკიაპატელიმ და ფირმა Hermes-მა, რომელიც ელვა-შესაკრავიან ქალების ჩანთებს უშვებდა. 1937 წელს მისი გამოყენება დაიწყეს მამაკაცის შარვლებზე.
საჰაერო საომარი მოქმედებების დროს პირველად გაიხსენეს პარაშუტი, რომელიც მანამდე დიდი ხნით ადრე იყო გამოგონილი. პარაშუტიდან პირველად 1797 წლის 22 ოქტომბერს გადმოხტა ანდრე-ჟაკ ჰარნერენი. თვითონ, შემდეგ მისი მეუღლე და ძმისშვილი ხტომის მანერებს სწავლობდნენ.
1918 წლის ზაფხულში პირველად გამოიყენეს პარაშუტი სადესანტო ოპერაციისთვის. ფრანგი მაიორი ევრარი და მისი ორი ქვეშემვრდომი გერმანულ არდენნახში დაეშვნენ. ასაფეთქებლებით, რომელიც, ასევე, პარაშუტზე იყო გამობმული, რკინიზგის ხიდი ააფეთქეს და ფრონტის ხაზიდან დაბრუნდნენ უკან.
მაჯის საათი პირველი მსოფლიო ომის მფრინავებმა გამოიგონეს. სწრაფი, კომფორტული და პრაქტიკული. თუმცა, არა სოლიდური – ასე ფიქრობდნენ მაჯის საათზე მაშინ ბევრნი. ჯაჭვზე გამობმული ჯიბის საათის ხმარებიდან ამოღება რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მოხდა.
1916 წლის 30 აპრილს გერმანიის მთავრობამ საღამოს 11 საათზე საათი გადაწია, რომ დღის შუქი სრულად მოეხმარათ და განათებაზე დაეზოგათ. 21 მაისს იგივე გააკეთა ბრიტანეთმა.
ომამდე რამდენიმე ხნით ადრე ნიუ-იორკელმა ვაჭარმა ტომ სალივანმა, რომელიც ჩაის აბრეშუმის პაკეტებში ყიდდა, ერთ-ერთი მათგანი ადუღებულ წყალში ჩაუშვა. ჩაის წარმატებული შენახვის წესები დრეზდენულმა ფირმა Teekanne-მ შეიმუშავა, რომელიც ერთჯერად ჩაის ფრონტზე აგზავნიდა – მათ აბრეშუმი მარლით შეცვალეს. ჯარისკაცები ამ პროდუქტს “ჩაის ბომბებს” ეძახდნენ.
პრეზერვატივი მე-16 საუკუნის შუა წლებში იტალიელმა ექიმმა გაბრიელ ფალოპიიმ გამოიგონა სიფილისისგან თავის დასაცავად. თუმცა, მისი გამოყენება სამას წელზე მეტი ხანი შეაკავა რელიგიამ და მორალმა. პირველად ომის დასაწყისში გერმანელებმა დაიწყეს ჯარისკაცების კონტრაცეპციის მომარაგება და მათი პროპაგანდა. მოწინააღმდეგის მაგალითს მალე მიბაძეს ფრანგებმა. ბრიტანელები თავს იკავებდნენ 1917 წლამდე, სანამ ვენერიული დაავადებებისგან 400 ათასი ჯარისკაცი არ გარდაიცვალა. როცა 1918 წელს ევროპაში ამერიკული არმია შემოვიდა, ფრანგებმა მოკავშირეებს პრეზერვატივის და ლიცენზირებული ბორდელების გამოყენების რეკომენდაცია მისცეს. აშშ-ს ომის მინისტრი ნიუტონ ბეიკერი შეთავაზებისგან საშინელ დღეში ჩავარდა: “ღმერთო, ამის შესახებ პრეზიდენტმა (ვუდრო ვილსონმა) რომ გაიგოს, ის ყველას დაუყოვნებლივ უკან დააბრუნებს!” – თქვა მინისტრმა.
პრეზერვატივის გამოყენებას კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე კრძალავს.
banner
წინა სტატიაში“იწყებოდა საქართველოს ოკუპაცია და სააკაშვილის მოქმედება იყო ადეკვატური” – პაატა დავითაია ომთან დაკავშირებულ ფეიკ-ნიუსს ეხმაურება
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის უფროსი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მძიმე ბრალდებას უყენებს