ერთის მხრივ უკრაინის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ იგებენ ომს და მეორეს მხრივ, ხავსს ეჭიდებიან, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინას ამით ცოტა შვება მიადგეს – ხელაშვილი

არესტოვიჩი, ეს არის ერთ-ერთ პოლიტიკოსი უკრაინის სპექტრში; ღმერთმა ნუ ქნას და საქართველოში რომ იმგვარი ვითარება იყოს, როგორც უკრაინაში, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი კიდევ უფრო მძიმე განცხადებებს გააკეთებდა უცხოეთის ქვეყნების მიმართ, იმ იმედით, რომ სადღაც, მეორე, მესამე, მეოთხე ფრონტი გახსნილიყო, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკასთან“ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებების კომენტირებისას.

ხელაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადებებში სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის მოწოდებებს ხედავს.

„ჩვენი პოზიცია იყო და არის ის, რომ უკრაინაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროს ჩვენ მის ხელისუფლებას, მის მთავრობას შეძლებისდაგვარად არ ვაკრიტიკებთ, რადგან ეს ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში. ასე რომ ახლა მე არ გავაკეთებდი არესტოვიჩის გამონათქვამებზე კომენტარს, ვფიქრობ, რომ ეს სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის მოწოდებებია.

ერთის მხრივ უკრაინელები, მათი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი იგებენ ომს და მეორეს მხრივ, ისინი გარკვეულწილად ხავსს ეჭიდებიან, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინას ამით ცოტა შვება მიადგეს. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით უკრაინას, მაგრამ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვერ დავაყენებთ საფრთხის წინაშე“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ.

„მე ჯერ არ მომისმენია უცხოეთის არცერთი ქვეყნისგან რაიმე სახის კრიტიკა საქართველოს მთავრობის მისამართით ჩვენს პოზიციაზე. ცალკეულმა პოლიტიკოსმა შეიძლება რაღაც თქვას, მაგრამ დასავლეთს ძალიან კარგად ესმის, რომ კავკასიაში კიდევ ერთი აფეთქების კერა, კიდევ ერთი უზარმაზარი ნაკადი ლტოლვილების, კიდევ ერთი ცხელი წერტილი, დაღუპული ადამიანები, ქვეყნები, რომლებსაც დასავლეთი ისევე უნდა დაეხმაროს, როგორც უკრაინას, ეს არავის აწყობს.

საქართველოში საკმარისია ერთი აფეთქება, რომ მთელი კავკასია მიჰყვეს მას და შესაძლოა არა მარტო კავკასია. ეს დასავლეთისთვის ნამდვილი კოშმარი იქნება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების ძალიან მოზომილი, სწორი პოზიცია, რომელიც გულისხმობს უკრაინისადმი სოლიდარობას, უკრაინის დახმარება და იმავდროულად საქართველო რჩება დემოკრატიული სტაბილურობის კუნძული მთელ რეგიონში, არის აღიარებული დასავლეთის და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – განაცხადა ხელაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ისტორიული შესაძლებლობა დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მანამდე, მან ასევე განაცხადა: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

წინა სტატიაშიუკრაინაში სულ უფრო მეტი ნეონაცისტი და უცხოელი დაქირავებული მებრძოლი ჩნდება – პუტინი
შემდეგი სტატიათუ სხვა ქვეყნები გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდიან, მიწოდება შეუწყდებათ – პესკოვი