“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას ერთიანობისა და გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღების წესზე შეთანხმებისაკენ და რვაპუნქტიან გეგმას ხელახლა აქვეყნებს:
“4 ოქტომბრის ირგვლივ ატეხილი ამბავი აჩვენებს, რომ სანამ გადაწყვეტილებების მიღების წესზე არ შევთანხმდებით, მანამდე სულ ამ საგიჟეთში ვიქნებით. 8 პუნქტიან გეგმაში სწორედ ეს დავწერეთ, ერთიანობის ურღვეობისთვის უნდა შევთანხმდეთ გადაწყვეტილებების მიღების წესზე.
მხოლოდ ერთიანი მიზანი საკმარისი არ არის, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა, სწორედ ეს არის 8 პუნქტიანი გამარჯვების გეგმაც.
მთავარ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, როგორ ვაღწევთ კომპრომისს განსხვავებული პოზიციების დროს? „თუ არ მეთანხმები, მაშინ მტერი ხარ“ – არის მცდარი მიდგომა.
8 პუნქტში არის გადაწყვეტილებების მიღების ორი მექანიზმი – პარიტეტული საბჭო უმრავლესობით და შემდეგ ეტაპზე ზურას ინიცირებული ბაზა, სადაც მოხდება ხალხის პირდაპირი ჩართულობა გადაწყვეტილებებეის მიღებაში.
ვინც ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით ამ მიდგომას გთხოვთ, დააფიქსიროთ პოზიცია, მზად ვარ მოვისმინო ყველას აზრი.
ძალა ერთობაშია და არა დაქსაქსულობაში”, – წერს გიორგი ვაშაძე ციხიდან.
გამარჯვების 8-პუნქტიანი გეგმა:
1. ვერთიანდებით საერთო ბრენდის ქვეშ. ვერთიანდებით პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და სალომე ზურაბიშვილი საერთო ბრენდის ქვეშ;
2. ერთიანობის ურღვეობისთვის ვთანხმდებით გადაწყვეტილებების მიღების წესზე. კონსენსუსი თუ ვერ მიიღწევა, გადაწყვეტილება მიიღება გაერთიანებაში შემავალი სუბიექტების უმრავლესობით; მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველასთვის;
3. სოციოლოგიურ კვლევებში ვაფიქსირებთ დიდ უპირატესობას. მიზანია კვლევაში დიდი უპირატესობის დაფიქსირება – ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს გაერთიანების შემთხვევაში; ეს შეცვლის ხალხის განწყობას, გააჩენს ახალ მუხტს და აჩვენებს რეალურ ძალას, ალტერნატივას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე „ქოცი“;
4. ვაახლებთ საერთო ეროვნულ კამპანიას. კამპანია მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ, თბილისში და რეგიონებში; მიზანია სპეციალურ აპში (სარეგისტრაციო პროგრამაში), მინიმუმ, მილიონი მხარდამჭერის რეგისტრაცია. აპი გამოიყენება გადაწყვეტილებების მიღებაში ჩასართავად, შეტყობინებებისა და კოორდინაციისთვის;
5. ვნიშნავთ საერთო ეროვნულ შეკრებას. ვაორგანიზებთ და ვნიშნავთ მასშტაბურ შეკრებას – „მილიონი ქართველი“; გადამწყვეტი შეტევა, შესაძლოა, იყოს 4 ოქტომბერს;
6. ვაახლებთ მოთხოვნას დროებითი მთავრობის შესახებ. ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს;
7. უკიდურესი ზომები უარის შემთხვევაში. თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას. სხვა ბევრი ნაბიჯი გვაქვს მოფიქრებული, რომლებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ;
8. ვანიშნინებთ ახალ არჩევნებს. ვაიძულებთ, ჩანიშნონ ახალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი წესებით; ახალ არჩევნებზე გაერთიანება გავდივართ საერთო ბრენდით, სახელით და დიდი უპირატესობით იმარჯვებს ქართველი ხალხი“.















