ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ 5 – პუნქტიანი საარჩევნო გეგმა წარადგინა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და კოალიცია ერთიანობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ 5-პუნქტიანი საარჩევნო გეგმა წარადგინა.

ბოკუჩავამ იმ 5 ძირითად პუნქტზე ისაუბრა, რის შესრულებასაც, მისი თქმით კოალიცია ერთიანობა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს:

კი ევროპას!
შემოსავლების ზრდა
პენსიონერების დაცვა
ძლიერი ოჯახი
ფასების მაფიის დასრულება

როგორც თინათინ ბოკუჩავა ამბობს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კოალიციურ პარტნიორებთან ერთად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, გააუქმებს რუსულ კანონს და გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

“ხელისუფლების ცვლილებისთანავე ნაციონალური მოძრაობა კოალიციურ პარტნიორებთან ერთად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული, სრულფასოვანი წევრი.

გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან საქართველოს ეხსენება უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები – მათ შორის წვდომა 14 მილიარდიან ევროპულ ფონდზე.

არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა გააუქმებს რუსულ კანონს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკარგვინებს მილიონობით დოლარს და ევროს.

ჩვენ გავაფორმებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აუცილებლად მივიღებთ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის”. – თქვა თინათინ ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას.

თინათინ ბოკუჩავამ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო გეგმის შემდგომ პრიორიტეტებად დასაქმების სფეროს გაუმჯობესება და საპენსიო სესხების განულება დაასახელა.

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის მეორე საპროგრამო პრიორიტეტი არის დასაქმება და მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ჩვენი მესამე პრიორიტეტი არის პენსიონერების დაცვა – ქართული ოცნების 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა უკიდურესი უთანასწორობა, სადაც საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, პენსიონერები ივანიშვილის საბანკო დიქტატურის პირობებში 4-ჯერ მძიმე საბანკო ტვირთს ატარებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა – ეს არის დიდი უსამართლობა, რომელიც ჩვენ უნდა დავასრულოთ.

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავანულებთ საპენსიო სესხებს, ასევე ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ გავზარდოთ პენსიები”. – თქვა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავამ ასევე ისაუბრა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძოდ სკოლებში უფასო კვების დანერგვაზე – ასევე, სტუდენტური საცხოვრებლებში ინვესტიციის ჩადებაზე.

“ჩვენ ვპირდებით ყველა მშობელს, რომ არცერთ ბავშვს, არცერთ საჯარო სკოლაში აღარ შეაწუხებს შიმშილის გრძნობა გაკვეთილზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გავზარდოთ და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი საჯარო სკოლებში.

ჩვენ ვპირდებით ყველა სტუდენტს, რომ ჩვენ ჩავდებთ დიდ ინვესტიციას საერთო საცხოვრებლების მშენებლობაში”. – თქვა კოალიცია ერთიანობის ლიდერმა, თინათინ ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი ფუნქციონალი – უძრავი ქონების დაზღვევა დაემატა
შემდეგი სტატიაჯონ მაკკეინის შვილი ტრამპს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ არჩევნებზე „დემოკრატებს“ დაუჭერს მხარს