ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს გადაიხედოს პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა, ასევე, მოხდეს საკანონმდებლო ცვლილება მასწავლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა მარიამ გერსამიამ ისაუბრა.
„იმ ფონზე, როცა ჩინოვნიკები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრკოლებლად იღებენ დანამატებს, პრემიებს და სხვადასხვა გზებით ცდილობენ ამ პრაქტიკის გამართლებას, ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის უმეტესობას აქვს მიზერული პენსია და ხელფასი.
ფინანსური წახალისება კვლავ განუხორციელებელ „ოცნებად“ დარჩა საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების 99 %-ისთვის (ესენი არიან პრაქტიკოსი, წამყვანი და სპეცმასწავლებლები).
შექმნილ ვითარებაში მოვისმინეთ მინისტრის განცხადება, რომ მასწავლებლების დანამატი უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. სინამდვილეში: ფინანსური წახალისებაა შეეხო მასწავლებლების 1 პროცენტზე ნაკლებს. საქართველოში 64 ათასამდე მასწავლებელია და საუბარია: 0, 3 პროცენტზე.
ეს ნიშნავს, რომ არაფერი შეიცვალა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის (მათი რ-ბა: 44 570) და უფროსი მასწავლებლებისთვის (რ-ბა-18 090). მათ შორის არიან ისინიც, ვისაც ჩაბარებული აქვთ შესაბამისი გამოცდები და უკვე ხელოვნური ბარიერების შედეგად, მათი ხელფასი წლების მანძილზე კვლავაც უცვლელია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეცმასწავლებლებისადმი (მათი რაოდენობა 1500-მდეა) არსებული დამოკიდებულების შეცვლა. ისინი მუშაობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და აქვთ ყველაზე მიზერული 260 ლარიანი ანაზრაურება. ამასთან, მათ არ აქვთ მასწავლებლის სტატუსი (ანუ, ე.წ. სქემის მიღმა რჩებიან), რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათით, არ აქვთ ხელფასის გაზრდის რაიმე თეორიული პერსპექტივაც კი.
მოვუწოდეთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს:
1. შეცვალოს სახელფასო დანამატების გაცემის პოლიტიკა და სკოლებში დანერგოს სამართლიანი წახალისების სისტემა. მნიშვნელოვანია მოიხსნას ხელოვნური ბარიერები, რაც მასწავლებლებს დამატებით სტრესში ამყოფებს (მაგ: დანამატი არ იყოს დამოკიდებული საათობრივ დატვირთვაზე) და სამინისტრომ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება, და პრაქტიკოს და უფროს მასწავლებლებს დაპირებისამებრ დაუნიშნოს სახელფასო დანამატები (800-დან 1000 ლარამდე).
2. დროულად წამოადგინოს დაპირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომ შესაძლებელი გახდეს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭოს მათ, ვინც სკოლებში მუშაობს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. საკანონმდებლო ცვლილებებამდე კი სპეც-მასწავლებლების ფინანსური წახალისებისთვის მოხდეს სკოლების მიზნობრივი სუბსიდირება და რეკომენდაცია მიეცეთ დირექტორებს სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ჩაერთოს ცვლილებათა განხილვის პროცესში.“

banner
წინა სტატიაშიუკრაინა აუცილებლად გახდება ევროპის სუპერსახელმწიფო, საქართველო კი კვლავ დაიბრუნებს ყველაზე წარმატებული რეფორმების ნათელი მაგალითის სტატუსს
შემდეგი სტატია„თავისუფალი საქართველო“: პროკურატურა თაღლითებს მფარველობს