„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამორიცხავს ერთჯერადად პარლამენტში შესვლას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამორიცხავს ერთჯერადად პარლამენტში შესვლას ამ მიზნით, რადგან ვთვლით, რომ ეს იქნება ივანიშვილისთვის ფასადის შექმნის მცდელობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ ხათუნა სამნიძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ახლა ყველაზე ძალიან ივანიშვილს სურს, სწორედ ამ დემოკრატიული ფასადის შექმნა და მას არც ერთი ჩვენი გააზრებული თუ გაუაზრებელი ნაბიჯით არ უნდა დავეხმაროთ. რაც შეეხება თავად ბარიერს, ბუნებრივია, რომ პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში ეს დარჩება მნიშვნელოვან საკითხად. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არ არის პრინციპული საკითხი, რადგან ბარიერის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს არც ერთ მოცემულობაში. თუმცა ეს სხვა პატარა პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, ასევე პოლიტიკური პლურალიზმის და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დავუჭერთ მხარს. თუმცა ერთჯერადად პარლამენტში შესვლას, თუნდაც ამ საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით, სრულიად გამოვრიცხავთ“, განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, სხვადახვა ინიციატივები როგორც მინიმუმ ჯერ ბლოკში უნდა განიხილებოდეს და როგორც ის აცხადებს, აღნიშნული საკითხი არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც მათ ბლოკში შემავალ სხვა პარტიებთან არ განხილულა

„მე „გირჩის“ სხვადასხვა ინიციატივების გაჟღერების დროსაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ – ნებისმიერი სხვადახვა ინიციატივა უნდა განიხილებოდეს ჯერ როგორც მინიმუმ ბლოკში, რადგან პოსტფაქტუმ იდეების განხილვა, მას შემდეგ, რაც საჯარო სივრცეში გადმოდის, ჩემი აზრით, პოლიტიკურ პარტნიორებს შორის არ უნდა ხდებოდეს. ვისურვებდი, რომ სამომავლოდ ამგვარი ტაქტიკური შეცდომები არ იქნას დაშვებული და არ მივცეთ ივანიშვილს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად მერე კაპიტალიზება მოახდინოს ამ თითქოსდა აზრთა სხვადასხვაობაზე ოპოზიციის შიგნით. აღნიშნული საკითხი არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც ჩვენს ბლოკში შემავალ სხვა პარტიებთან არ განხილულა. ჩვენთვის ამის შესახებ გახდა ცნობილი მხოლოდ ხათუნა სამნიძის სატელევიზო ეთერის შემდეგ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვირუსის ბლოკატორები