ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება აბიტურიენტებს ხვალიდან შეეძლებათ

აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება 5 აგვისტოს, 10:00 საათზე და დასრულდება 11 აგვისტოს, 18:00 საათზე. სააპელაციო განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად – ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.gov.ge.

მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც კონკრეტული დავალება, ასევე მთლიანი ნაშრომი.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე აბიტურიენტებს კიდევ შეუძლიათ აირჩიონ, დაამატონ ან შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამები თუ უმაღლესი სასწავლებლები.

პროგრამების შეცვლის სისტემა იმითაც არის უნიკალური, რომ აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ რეალური არჩევნის გაკეთების საშუალებას აძლევს. ცენტრი თხოვნით მიმართავს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ:

საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდეა შესაძლებელი. შესაბამისად, 11 აგვისტოს, 18:00 საათის შემდეგ, ეს პროცესი შეწყდება.

ყველა ცვლილების დადასტურება ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა მოხდეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის დროს, უპირველეს ყოვლისა, იხელმძღვანელონ საკუთარი სურვილით.

ასევე ყურადღება მიაქციონ უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდებისათვის მინიჭებულ კოეფიციენტსა და საგანთა პრიორიტეტს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე:კოტე და პავლე კუბლაშვილები ფარული ჩანაწერებით დააშანტაჟეს?
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი: წინასაარჩევნოდ, სექსუალური უმცირესობების თემებით ქულების დაწერას ცდილობენ