ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

გამოცდები საქართველოს 12 ქალაქის 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

2024 წლის გამოცდებისთვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლის გამოცდისათვის 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია.

2024 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ტარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს თითოეულ გამოსაცდელს, არ დაიგვიანოს გამოცდაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საგამოცდო პროცესს გამოეთიშება. გამოცდაზე დაშვების პირობაა, რომ მონაწილემ წარმოადგინოს ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი, რომლის ამობეჭდვაც შესაძლებელია ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან.

წელს ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროდან საგამოცდო ცენტრამდე. მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით დეტალები გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მასწავლებლობის მსურველები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრობის კანდიდატები 17-18 ივლისს ჩააბარებენ.

banner
წინა სტატიაშიწლის მთავარ ტექნოლოგიურ კონფერენციამდე ერთი დღე რჩება
შემდეგი სტატიარუსულმა თვითმფრინავმა ლიტვის საჰაერო სივრცე დაარღვია