„ერთი წლის წინ, საქართველო ბნელ პერიოდში შევიდა… მოვუწოდებთ “ოცნებას” კურსი შეცვალოს” – რიში და შაჰინი

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯიმ რიში და კომიტეტის „დემოკრატების“ ლიდერი, ჯინ შაჰინი საქართველოში საპროტესტო აქციების წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და “ოცნეას” მოუწოდებენ კურსი შეცვალონ.
სენატორები ამბობენ, რომ ერთი წლის წინ, საქართველო თავისი ისტორიის ახალ, ბნელ პერიოდში შევიდა.
მათი განცხადებით, „საქართველოში პოლიტიკური ძალადობის ესკალაციის პირობებში, შეშფოთებულები არიან მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ზომებით“.
„ერთი წლის წინ, საქართველო თავისი ისტორიის ახალ, ბნელ პერიოდში შევიდა. საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაგრძელების დაპირების მიუხედავად, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს, მთავრობამ პოზიცია შეცვალა და კონსტიტუციური ვალდებულება დაარღვია. აღნიშნულის საპასუხოდ, ქართველები ქუჩებში გამოვიდნენ, ცვლილებების მოთხოვნით და მთავრობის მიერ ამომრჩევლების ხმების უგულებელყოფის წინააღმდეგ დემონსტრაციის მიზნით. ამის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ამომრჩეველთა შეშფოთებების მოსმენისა და ოპოზიციასთან მუშაობის ნაცვლად, მათ ჩასახშობად უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა, ავტორიტარული კანონების მიღებით, პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებითა და აკრძალვით, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაშინებით და აშშ-ისა და მისი საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ ცილისწამებით.
როგორც ამერიკელები, ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის უნარს, რომ ნებისმიერი ფასის მიუხედავად, საკუთარი თავისუფლება არ დათმოს. როგორც საქართველოს ახლო მეგობრები, პოლიტიკურ მოვლენებს უკვე ერთი წელია ვაკვირდებით და ჩვენ საქართველოს წარმატებით ვართ დაინტერესებულები. ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ხელმძღვანელობას, რომელიც პატივს სცემს მის უფლებას, რომ საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს. მოვუწოდებთ მთავრობას, კურსი დაუყოვნებლივ შეცვალოს, საქართველოში პოლიტიკური თავისუფლებები აღადგინოს და დემოკრატიულ მმართველობას დაუბრუნდეს“, – აცხადებენ სენატორები.

banner
წინა სტატიაში“რას ვაპროტესტებ?! თუ, ვინმეს უკვირს ჩემი პროტესტი?!” – ნიკო კვარაცხელიას დედა
შემდეგი სტატია“მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს” – შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის საელჩოს “პოსტზე”