ერთი თვის განმავლობაში სამჯერ ნაცემი სენაკის გამგებელი გადადგომას გეგმავს…

senakiნოემბრის თვე სენაკის გამგებელს გოჩა დგებუაძეს შეიძლება ითქვას, რომ ,,შავად,, გაუთენდა… რამეთუ გამგებელი ამ თვის განმავლობაში უკვე სამჯერ სცემეს: ერთხელ – ფიზიკურად, ორჯერ კი -პოლიტიკურად.

პირველი: 1 ნოემბერს სენაკის ისტორიულ ნოქალაქევში გამართული სახალხო ზეიმი ,,ეგრისობა,, სენაკის გამგებელმა ერთ-ერთ სენაკურ რესტორანში, სენაკის მმართველი ელიტისთვის ბიუჯეტის ფულით გაშლილი სუფრით დააგვირგვინა. სუფრაზე გამომთვრალმა სენაკის გამგებელმა დგებუაძემ, უშვერის სიტყვებით აგინა სენაკის საკრებულოს დეპუტატს, ამავე რაიონის ,,ნაციონალური მოძრაობის,, თავმჯდომარეს ლაშა კუჭავას, რის გამოც ლაშა კუჭავას მხრიდან გამგებელი იქვე იქნა ნაცემი. სენაკის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა გამგებლის ცემის ფაქტი მეორე დღესვე ,,თაიმერთან,, საუბარში დაადასტურა.

მეორე: სენაკის საკრებულოს უმრავლესობამ და უმცირესობამ ერთობლივად, გასული დღეების განმავლობაში სენაკის გამგებლის მიერ ხელმოწერილი, რაიონის 2016 წლის  ბიუჯეტი, საჯარო მოხელეებისათვის (აიპი და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციები) გაბერილი ხელფასების გამო, ფაქტობრივად თავზე გადაახია გამგებელს და განუხილველად დაუბრუნა უკან.

მესამე: თვის მიწურულს კი – სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ გადამწყვეტი დარტყმა საკუთარი პარტიიდან მიიღო. 26 ნოემბერს სენაკში ,,ქართული ოცნების,, კონფერენცია შედგა, რომელსაც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეც ესწრებოდა. კონფერენციაზე რაიონული ორგანიზაციის თვმჯდომარის არჩევნები დადგა დღის წესრიგში… თავმჯდომარის (რომლის სავარძელშიც ბოლო ორი წელი გამგებელი დგებუაძე იჯდა),  არჩევნები კი – დგებუაძესთან დაპირისპირებული, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის – კახა რუსიას ერთხმად არჩევით დასრულდა… რითაც სენაკის გამგებელმა ავტორიტეტთან ერთად გავლენის ბერკეტებიც საბოლოოდ დაკარგა რაიონში.

აღსანიშნავია, რომ სენაკის ,,ოცნების,, ახალი თავმჯდომარე კახა რუსია 2014 წელს ადგილობრივი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული სენაკის საკრებულოს მიერ არჩეული პირველი თვმჯდომარე გახლდათ, თუმცა ის ,,ქართულ ოცნების,, ზედა ეშელონებში არსებული დაპირისპირების მსხვერპლი გახდა, რამეთუ მის მოწინააღმდეგეს ,,ქართულ ოცნებაში,, პრემიერ ღარიბაშვილთან დაახლოებული წრეები უჭერდნენ მხარს და რუსია აიძულეს, რომ თანამდებობიდან გადამდგარიყო. მაშინ კახა რუსია, შეთავაზებულ – გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას დასჯერდა, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია და მოწინააღმდეგეთა დაჯგუფების წევრის, სენაკის გამგებლის გოჩა დგებუაძის წინაღმდეგ განაგრძნო ფარული თუ აშკარა ბრძოლა. ამ ბრძოლამ კახა რუსიას გუშინ პირველი გამარჯვება მოუტანა სენაკში.

კახა რუსია, რომელიც წინა ხელისუფლებების პერიოდში ,,მოქალაქეთა კავშირის,, ,,მრეწველებისა,, და ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრიც გახლდათ, კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი არ არის… ის პოლიტიკაში ჩართული ბიზნესმენია, თუმცა სენაკში გარკვეული გავლენით სარგებლობს. მისი დანიშვნა სენაკის ,,ქართული ოცნების,, თავმჯდომარედ, რაიონში გოჩა დგებუაძის მეთაურობით ,,სიკვდილის პირას,, მისულ სახელისუფლო პარტიას, გარკვეულ შანსს დაუტოვებს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ… თუმცა, ეს საკადრო ცვლილება კიდევ ერთხელ მიუთითებს ,,ქართული ოცნების,, ზედა ეშელონებში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე სახელისუფლო ბერკეტებისთვის ბრძოლაზე.

რაც შეეხება სენაკის გამგებლის გოჩა დგებუაძის პოზიციას… ,,თაიმერს,, სარწმუნო წყაროდან აცნობეს, რომ მისი თავმოყვარეობა ერთი თვის განმავლობაში მიღებულ ამდენ ,,დარტყმას,, ვერ უძლებს და გადაგომას გეგმავს.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაში“ტემპმა საგრძნობლად თუ არ მოიმატა, ეს დამაზიანებელი იქნება”
შემდეგი სტატიაერდოღანი: თუ ბოდიში აუცილებელია, ის რუსეთმა უნდა მოიხადოს…