საერთაშორისო გამოცემა “Bloomberg” ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ვრცელი სტატიით ეხმაურება.
მარკ ჩემპიონი გამოქვეყნებული სტატიით დასავლეთს ქართველი ოლიგარქისთვის შეზღუდვების დროული დაწესებისკენ მოუწოდებს და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ჯერ კიდევ რჩებათ შანსი, რომ სანქციების ბერკეტის გამოყენებით საქართველოს “პუტინის ორბიტაზე” მოქცევის პროცესი შეაჩერონ.
“ერთი პირის სანქცირებამ შესაძლოა, პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს” – წერს ჩემპიონი და იქვე დასძენს, რომ ივანიშვილის ქმედებების უკან ქონების დაკარგვის საზარელი შიში დგას.
სანქციები, რომელიც ახლა დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იარაღია, უკვე განიხილება ვაშინგტონში. მე, ზოგადად, არ ვარ სანქციების დიდი გულშემატკივარი. ისინი, როგორც წესი, ბლაგვი და ზანტი ინსტრუმენტებია, რომლებმაც უფრო სავარაუდოა, რომ გამოიწვიონ კოლატერალური ზიანი, ვიდრე მიაღწიონ რეალურ მიზანს. მაგრამ, თუ აშშ-ს ხაზინა და ევროპული კომისია სწრაფად იმოქმედებენ, ეს შესაძლოა იყოს ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ერთი პირის სანქცირებამ შესაძლოა, პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს.
ეს იმიტომ, რომ ივანიშვილის მილიარდები მისთვის და “ქართული ოცნებისთვის” კრიტიკულია. Credit Suisse-თან, რომელიც ახლა UBS Group AG-ს ეკუთვნის, გრძელვადიან დავაში მოგებული 1 მილიარდ დოლარზე მეტი ახლა პირობით დეპონირებაზე აქვს და აპელაციის გადაწყვეტილებას ელოდება. მაგრამ ივანიშვილი – რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში მოიპოვა და რომლის ქონებაც Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსით 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული – როგორც ჩანს, ღელავს იმ სახსრებზე, რომლებსაც სხვაგან ინახავს”. – წერს ჩემპიონი.