“ერთი-ორი შემთხვევა იყო, როცა ვეღარ შევიკავე თავი, არ ვიცი ეს კარგი იყო, თუ ცუდი”

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდი სურვილი აქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს საქართველოს მოსახლეობისთვის ცუდი პერიოდი.

როგორც კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, დღემდე არ ახსოვს, რომ წინა ხელისუფლებას ერთხელ მაინც ეღიარებინა ის შეცდომები, რაც მმართველობის დროს დაუშვია.

“ჩვენ კარგად გვახსოვს კადრები პოლიციასთან მისული თავგატეხილი ადამიანების, მაღაზიის თავზე შეგდებული გვამების, მოწამლული ადამიანების, მათ შორის, რაც ყველამ ვიხილეთ, სამწუხაროდ ციხის წამების კადრები და ა.შ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდეს ისტორიას და აღარ ჰქონდეს ადგილი. მართლაც საშინელი კადრები აღარ იხილოს ჩვენმა მოსახლეობამ. სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ერთხელ მაინც აღიარონ ის შეცდომები და დანაშაულებები, რაც ჩაიდინეს. სახეზე გვაქვს კიდევ მათი მხრიდან ისეთი კრიტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში საფუძველს არის მოკლებული. დღეს ვართ მთავრობა, მოვალეები ვართ, რომ ვეძებოთ ის მეასედი პროცენტიც კი, რომელიც რაიმე სახის თანამშრომლობის იქნება და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეთავაზებების შედეგად, თუნდაც ის ატმოსფერო, რაც არის ქვეყანაში, რამენაირად შეიცვლება. ამ ატმოსფეროში, რომელშიც ვართ, სამწუხაროდ, შეუძლებელია რაიმე სახის განვითარებაზე საუბარი. ძალიან რთულია, ვილაპარაკოთ ეკონომიკურ განვითარებაზე იმ აურაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენი მხრიდან მაინც უნდა შევეცადოთ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია, ის ძალიან მძიმე ატმოსფერო, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში და ვერავინ უარყოფს, რამენაირად განვმუხტოთ. ჩვენი პოზიტივით, ჩვენს მიერ გაკეთებული კარგი საქმეებით, აქტიური მუშაობით, მათ შორის საზოგადოებასთან, მედიასთან, რათა ჩვენ ვიყოთ დღის წესრიგის მკარნახებლები, პოზიტივის მკარნახებლები მუდმივად. მაქისმალურად გავიტანოთ ის გაკეთეუბლი საქმეები, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში გაკეთდა და ვერავინ უარყოფს ამას. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ამ საქმეების შესახებ არ იცის”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს ძალიან გაუჭირდა ერთი-ორჯერ თავის შეკავება, მაგრამ თვლის, რომ მაქსიმალური თავშეკავებაა საჭირო.

“ერთი-ორი შემთხვევა იყო, როცა ვეღარ შევიკავე თავი, არ ვიცი ეს კარგი იყო, თუ ცუდი, მაგრამ მაინც მგონია, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულობა სჯობს იმისთვის, რომ ჩვენ დავაწყნაროთ ქვეყანაში საზოგადოება და კონცენტრირება გავაკეთოთ დადებითზე”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითიბილოვი ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევას აპირებს
შემდეგი სტატია“ყველაფერი დაგეგმილია ხვალიდნელი სხდომისთვის”- უსუფაშვილმა ხვალინდელი პროცედურები განმარტა