წითელი ხაზები ოპოზიციაში – ნიკა მელიას გუშინდელი განცხადების შემდეგ, კოალიცია “ცვლილებებისთვის“ გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა ბრლადებები ოპოზიციური ფლანგიდან ერთმანეთზე არ უნდა ისმოდეს.
დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, შეუძლებელია იმ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომლებიც ერთი ხელით ივანიშვილთან გარიგებულებს უწოდეს და მეორე ხელით თანაშრომლობას სთავაზობს.
“ნიკა მელია და მისი გუნდი არ არის 1 და 2 კაცი, ის არის 100 ათასობით ადამიანი, რომლებმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, ერთი ხელით ამ ადამიანებს აბრალო გარიგებულობა და მეორე ხელით მოუწოდებდე ერთ მაგიდასთან ჯდომას, წარმოუდგენელია. ვთვლი, რომ აქამდეც შეცდომა იყო, ამ ბრალდებებს, რომ არ ვპასუხობდით, იმ ფონზე, როდესაც ვამბობდით, რომ ერთობა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ახლა სხვა რამე და ა.შ. თავის დროზე უნდა გაგვეცა ყველა ამ ბრალდებისთვის პასუხი და ყველა ის კითხვა დაგვესვა, რომელიც მათ მიმართ გვქონდა, ძალიან სამართლიანადაც. აქედან გამომდინარე, რაღაც თანაშრომლობა იმ ადამიანებთან, რომელიც 100 ათასობით ადამიანს აბრალებს რაღაცას და მეორე ხელით ეუბნება, მოდი ვითანამშრომლოთ, შეუძლებელია, – ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.
ცნობისთვის, განსასჯელის სკამიდან ნიკა მელია, გუშინ, დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილთან შევიდა. დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა წითელი ხაზები გაავლო და დაასახელა პოლიტიკოსი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მსგავსად მისთვის მიუღებელია და ვისთანაც თანამშრომლობას არ აპირებს.
მელიას ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც სააკაშვილმა პარტია “ახალის” ლიდერები ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.



















