,,ერთგულების ნიშნით გუნდში ვეღარ მოხდება დაწინაურება, ადგილების ცვლას განსაზღვრავს მხოლოდ პროფესიონალიზმი და განსაკუთრებული შრომა”

ერთგულების ნიშნით გუნდში ვეღარ მოხდება დაწინაურება და ადგილების დაკავება, კადრების ცვლას მხოლოდ პროფესიონალიზმი და განსაკუთრებული შრომა განსაზღვრავს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ და მივიდეს განვითარებულ ევროპამდე, აუცილებელია არა მარტო კადრების სწორად შერჩევა, არამედ თანამშრომლების სწორი მეთოდებით შეფასება.

„გამოწვევებს, რაც ჩვენ გვაქვს, ძლიერი სახელმწიფო სჭირდება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გავიმარჯვოთ, წავიდეთ წინ და მივიდეთ იქ, სადაც გველოდება ჩვენი ოჯახი, ისტორიული მომავალი, განვითარებული ევროპა. აუცილებელია, არათუ სწორად შეარჩიო კადრები, რასაც მოვახერხებთ და გადავახალისებთ, არამედ დაინერგოს თანამშრომლის შეფასების სწორი მეთოდი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გუნდში უნდა იყოს ის, ვინც კარგად ემსახურება გუნდის ინტერესებს, გუნდის ინტერესები კი უნდა იყოს ხალხის სამსახური.

„კარგად ვიცი მეთოდების დანერგვა, როგორ ჰქონდეთ მათ სტიმული, რომ შეფასდეს პროფესიონალიზმი, მათი პატიოსნება, ხალხისადმი სამსახური. მხოლოდ მათი დაწინაურება, სწორ ადგილებზე გადაადგილება მოხდეს და არა პირობითი გუნდურობა, ერთგულება. ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება და ადგილების დაკავება, მხოლოდ პროფესიონალიზმი და განსაკუთრებული შრომა განსაზღვრავს კადრების ცვლას. ამ სისტემას შემოვიტან და ვაჩვენებ საზოგადოებას, რომ მთელი გუნდი იქნება ვალდებული, ჩადგეს ხალხის სამსახურში. ამით მე მოვახერხებ, რომ დავარწმუნო საზოგადოება, გაჰყვნენ მათ და ისინიც გულწრფელად მოემსახურებიან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“შავის სიის” პროცესი გუშინ არ დასრულებულა ის გაგრძელდება”
შემდეგი სტატიაევროპასა და ამერიკაში ეჭვი არავის ეპარება, რომ „ქართული ოცნება“ პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით არის დაკომპლექტებული