ერთადერთი აგრესიული ქმედება, რაც ბოლო წლებში ვნახეთ, იყო რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ – ბლინკენი

ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ნატოს ბოლო შეხვედრაზე: ალიანსის კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის, თუ ისინი დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა “ევრონიუსთან” განაცხადა.

“ნატოს ალიანსმა წლების წინ ბუქარესტის სამიტზე დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის, ასევე, სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ გახდნენ წევრი სახელმწიფოები. თუ ისინი დააკმაყოფილებენ წევრი ქვეყნების მოთხოვნებს. და ეს უკავშირდება ნატოს დაარსების მიზანსა და ვაშინგტონის ხელშეკრულებას, რომელმაც ცხადყო, რომ ალიანსის კარი ღია იქნება მათთვის, ვინც გაწევრიანებას ცდილობს და შეძლებს კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ეს ნატოს ბოლო შეხვედრაზე: ნატოს კარი ღიაა”, – თქვა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გამო საფრთხეს არ უნდა გრძნობდეს, რადგან ეს არის თავდაცვის მიზნით შექმნილი ალიანსი და არა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატო გამჭირვალე და თავდაცვითი ალიანსია, ერთადერთი, ვის მიერაც აგრესიული ქმედებები ხორციელდება, რუსეთია.

“და რეალურად, სამწუხაროდ, ერთადერთი აგრესიული ქმედება, რაც ჩვენ ვნახეთ ევროატლანტიკურ ზონაში ბოლო წლებში, იყო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ. და ჩვენ არ გვჭირდება ამის განმეორება უკრაინაში”,- აღნიშნა ბლინკენმა.

banner
წინა სტატიაშიეჰ ჩემო “ჯალათეა”, ბოლომდე ვიბრძოლებთ აღვირახსნილი ,დამღუპველი გამანადგურებლების წინააღმდეგ!!! – ჩარკვიანი წულუკიანს
შემდეგი სტატიანევროლოგიური სტატუსი არ უმჯობესდება, სჭირდება ხანგრძლივი თერაპია – მიხეილ სააკაშვილი ექიმებმა მოინახულეს