“ერთად გავუძღვეთ იმ გზას, რომელიც სირიაში მშვიდობის დამყარებამდე მიგვიყვანს”

ფრანგ ხალხს მთელი მსოფლიო სამძიმარს უცხადებს. საელჩოებთან ყვავილები მიაქვთ. ღირსშესანიშნავ ადგილებს კი საფრანგეთის დროშის ფერებში ანათებენ.

სპეციალური განცხადებები მსოფლიო ლიდერებმაც გააკეთეს. მათ შორის არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინიც.

„ბოლო დროინდელი ტერაქტები გვეუბნება, რომ ტერორიზმის საფრთხის წინ ყველა ჩვენგანი დგას. ვზარალდებით ევროპელებიც, არაბებიც, მთლიანად საერთაშორისო გაერთიანება. საუკეთესო პასუხი ჩვენი ერთიანობაა. უნდა დავძლიოთ განსხვავებული პოზიციები და შევეცადოთ ერთად გავუძღვეთ იმ გზას, რომელიც სირიაში მშვიდობის დამყარებამდე მიგვიყვანს,“ – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

პარიზის თავდასხმების შემდეგ ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. გერმანული მედია წერს, რომ ბავარიის რეგიონში რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებსაც შესაძლოა ტერაქტებთან კავშირი ჰქონდათ.

ინციდენტი მოხდა გეთვიკის აეროპორტში, დიდ ბრიტანეთში, სადაც საეჭვო პაკეტის გამო ტერმინალიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. დაკავებულია ერთი ადამიანი. იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურებმა საგანგებო სხდომები დანიშნეს.

ბარაკ ობამამ საფრანგეთში განხორციელებულ თავდასხმებზე დეტალური ინფორმაცია პირადად უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან მიიღო.

banner
წინა სტატიაშიპარიზის ტერაქტებში მონაწილე 2 ტერორისტის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიასიდნეის ოპერა, ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრი და სან ფრანცისკოს მერიის შენობა საფრანგეთის დროშის ფერებში გაანათეს