“ერთ თვეში შევძლებთ, ცენტრალურ აფრიკაში მომხდართან დაკავშირებით, სრული სიმართლე დავდოთ მაგიდაზე”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის გახსნამდე, თინა ხიდაშელმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე პედრო სერანო დე ჰარო სორიანოსთან და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსთან გამართა შეხვედრები.

შეხვედრებზე იმყოფებოდა ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა იყო. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და მნიშვნელობა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ მზაობა გამოხატა კვლავ გააგრძელოს ევროკავშირთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიში იყო.

როგორც თინა ხიდაშელმა შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოძიების ინტენსიურ ფაზაშია შესული და მზად არის სრული თანამშრომლობისთვის სიმართლის გასარკვევად.

„ჩვენი ამოცანაა, ყველა წყარო ჩავრთოთ, ყველა მხარისგან მივიღოთ ინფორმაცია, ყველანაირი ტიპის ინფორმაცია შევკრიბოთ იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რამე გაგვეპაროს გამოძიების დროს. ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა ორივე ოფისისგან ევროკავშირის თანამშრომლობაზე. ჩვენი ინტერესი თანხვედრია, ქართული მხარე და ევროკავშირი დაინტერესებულები ვართ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გაირკვეს და სპეკულაციები დასრულდეს. ვფიქრობ, ამ შეხვედრებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წავიწიოთ წინ. როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ოფისში მივიღეთ პასუხები, რომ მათ არ ახსენდებათ, რომ 2014 წელს რამე მსგავსი არსებობდა. თუმცა, დასხდებიან ჩვენები ერთად და არქივებს შეისწავლიან. თუკი რამე არსებობს, ჩვენ თან წამოვიღებთ ბრიუსელიდან. მომავალ კვირას ასევე ვგეგმავთ ვიზიტს ჟენევაში და, შესაბამისად, ყველა ამ დოკუმენტის საფუძველზე გაიგზავნება საგამოძიებო მოთხოვნები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ვვარაუდობ, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება, მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში შევძლებთ, სრული სიმართლე დავდოთ მაგიდაზე და ამ პოზიციით, მტკიცებულებებითა და არგუმენტებით გამყარებულები წარვსდგეთ გაეროს წინაშე. არ შეიძლება, ბრალდებები წაუყენო ადამიანებს მძიმე დანაშაულში და ეს ბრალდებები არ იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. მათ უნდა ამტკიცონ, რომ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა. თუმცა, ჩვენი ვალდებულებაა, მაქსიმალურად გავფანტოთ ის მცირე ჩრდილიც კი, რომელიც ქართულ ჯარს მიადგა და ყველა პრობლემა მოვაგვაროთ“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“ხიდაშელმა საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა”
შემდეგი სტატიაკომიტეტის სხდომაზე ხვალ დავით ბაქრაძეს მოუსმენენ