“ერთ ქვეყანაში – თბილისში, სოხუმში და ცხინვალში სამი საელჩო არ შეიძლება იყოს” – დავით ბერძენიშვილი

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მოახლოებასთან ერთად, აქტიურდება რუსეთიც. გუშინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ გადაადგილების ნება დართოს.

რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა თბილისში. ხელისუფლების წარმომადგენლები პრაგმატული პოლიტიკის შედეგებზე საუბრობენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ ეს არის ცალსახად პოზიტიური ნაბიჯი.

“მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან ძალიან ბევრი ოჯახი წვალობს, რომ ზოგს უნდა აქ ჩამოსვლა, ზოგს წასვლა და ერთმანეთის მონახულება,” – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

უმრავლესობის მეორე ნაწილი ამ საკითხს სიფრთხილით უყურებს და აცხადებს, რომ თუ რუსეთი ქართული მხრიდან სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს ეს ნორმალურია. თუმცა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია.

“თუ რუსეთის ხელისუფლება უპირობოდ მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე, ეს იქნება ნორმალური. ჩვენ ამ საკითხზე რაიმე გავლენას ვერ მოვახდენთ და ვერავითარ შემხვედრ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ. თუ საუბარია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადასადგმელ ნაბიჯებზე, ერთ ქვეყანაში – თბილისში, სოხუმში და ცხინვალში სამი საელჩო არ შეიძლება იყოს,” – განმარტა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის, რუსეთის ნდობა არ შეიძლება”
შემდეგი სტატიასაარჩევნო კოდექსის ეს ვერსია სრულად შეესაბამება დადგენილ სტანდარტს – თამარ კორძაია