“ერთ კაი ჩაისაც დავლევთ, თუკი ასეთ განცხადებას გააკეთებენ”-გოცირიძე კალაძის განცხადებას პასუხობს

ერთ კაი ჩაისაც დავლევთ, თუკი ასეთ განცხადებას გააკეთებენ, – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძის განცხადებით, ის პარლამენტის შენობასთან მოვიდა, როგორც ბიუროს წევრი, თუმცა სხდომაზე დასწრებას არ აპირებს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ბიუროს სხდომას არ ჩაატარებინებს.

„ეს პროცესი არ გაჩერდება. ქუჩაში იქნება, პარლამენტთან, თუ საჭირო გახდა – პარლამენტშიც. პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებას ბევრი ხერხი აქვს. გახსოვთ, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ სოდის მიღების ხერხი როგორ არისო, ზურიკელას რომ ჰკითხეს ქიმიის გაკვეთილზე და ზურიკელამ რომ თქვა, აი, ილარიონი წყალში ხსნის სოდას და ისე სვამსო, ილიკო კიდე პირდაპირ ენაზე იყრის და აი, წყალს დააყოლებსო. აი, ასეთი ხუმრობით უნდა შევახსენო – პარლამენტის ტრიბუნის გამოყენების რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთი – კანონი გამოგაქვს, მეორე – მოსახლეობას მიმართავ, მაგრამ არსებობს ერთი უნიკალური მეთოდი – მანდ შეიძლება, აიღო და დალიო ჩაი. რა მოჰყვება მერე პარლამენტის ტრიბუნიდან ჩაის დალევას, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ბოსტონის ჩაის სმას მოყვა ამერიკის სახელმწიფოს შექმნა. აქ ჩაის დალევას მოჰყვა თანამედროვე საქართველოს შექმნა. ერთ კაი ჩაისაც დავლევთ, თუკი ასეთ განცხადებას გააკეთებენ. ესენი არიან უზურპატორები. როდესაც ძალაუფლების უზურპაცია ხდება და ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია არჩევნების გზით, ოპოზიციას უფლება აქვს, მიმართოს ასეთ პიკეტებს. ვერ ჩაატარებენ ბიუროს. მე აქ მოვედი, როგორც ბიუროს წევრი, არა ბიუროზე შესასვლელად, არამედ ბიუროს ჩატარების ხელის შესაშლელად“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დეპუტატი შსს-ს განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ყველა საპასუხო ნაბიჯი აქვს.

banner
წინა სტატიაში“მას ხალხის თვლაზე უკეთესად ეხერხება ხალხისგან მის მიერ მოპარული ფულის თვლა”-სააკაშვილი კალაძის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაპარლამენტში მიწისქვეშა გვირაბებით დეპუტატებს შეუძლიათ შენობაში შესვლა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ეტაპზე, არც ერთი გვირაბი არ ფუნქციონირებს