ეროვნული უშიშროების საბჭომ საგაზაფხულო გაწვევის განახლებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხი, თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომას მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ მას უშიშროების საბჭოს ახალი წევრები ესწრებოდნენ – პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აგრეთვე უშიშროების საჭოს ფორმატში მუშაობდა უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი.
„ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა იყო, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რაც შეეხება სხდომაზე განხილულ სხვა საკითხებს, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა სამხედრო-სავალდებულო გაწვევის განახლების საკითხს და საგაზაფხულო გაწვევის განახლების პოზიციას.
„სამხედრო-სავალდებულო გაწვევა მნიშვნელოვანი თემაა. თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და შეიარაღებული ძალების მზადყოფნის არგუმენტებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საგაზაფხულო გაწვევის განახლების პოზიციას“, –აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და განაცხადა, რომ სამხედრო-სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებით გლობალური ხედვა კი, დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება ჩამოყალიბებული.
რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭომ პრეზიდენტს ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა წარედგინა, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობას საკუთარ მოსაზრებას ხვალ გაუგზავნის.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ ჩაჩიბაიას ხვდება
შემდეგი სტატიაროგორ აკეთებს სახელმწიფო ფულს მკაცრი ნარკოპოლიტიკით