„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი ლანა გალდავა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქეების ნაკადის გაზრდას ეხმაურება და აცხადებს, რომ რეგიონში არსებული ტურბულენტური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე საზღვარზე მკაცრი კონტროლის დაწესება აუცილებელია.
პოლიტიკოსის თქმით, რუსეთში გამოცხადებული საყოველთაო მობილიზაცია და საზღვრის კონტროლის სუსტი მექანიზმები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთგზის ვნახეთ საქართველოში შემოსული თუნდაც «ვაგნერის» სამხედრო დაჯგუფების წევრები, პროპაგანდისტი ჟურნალისტები, რომლებიც ჩართულნი არიან ომის მანქანაში, ასევე ადამიანები, რომლებსაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამიტომაც, რაც გასაკეთებელია, არის მკაცრი კონტროლი საზღვრის დაცვის მიმართულებით“, — განაცხადა ლანა გალდავამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს ბოლო 24 საათში ლარსის გავლით ქვეყანაში რუსეთის 20 000 მოქალაქე შემოვიდა.
უწყების ცნობით, 24 საათის განმავლობაში ლარსის გამშვები პუნქტით საქართველოს საზღვარი სხვადასხვა ქვეყნის 7 880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ხოლო ქვეყანა 8 406-მა დატოვა.
მანამდე რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ორივე მიმართულებით ჯამში 20 000-მა ადამიანმა გადაკვეთა.














