ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა რომ გვყავდეს, ზუსტად სამ თვეში ევროკომისიის ყველა პირობას შევასრულებდით, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში ძნელია გარანტიების მიცემა მოქალაქეებისთვის – მანჯგალაძე

ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა რომ გვყავდეს, ზუსტად სამ თვეში ევროკომისიის ყველა პირობას შევასრულებდით, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში ძნელია ამაზე თავის გამოდება და გარანტიების მიცემა მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შანსს თუ ვერ გამოვიყენებთ, დიდი ხნით დაიხურება საქართველო პერსპექტივა ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„გუშინ ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, რადგან ტრიოში, სადაც საქართველო იყო მოწინავე, აღმოჩნდა ბოლო, მაჩანჩალა ადგილზე. მეტიც, 24 ივნისს არის რისკი, რომ საქართველო აქაც ვერ გამაგრდეს და გადავიდეს სომხეთისა და ყაზახეთის ლიგაში. ეს არის ძალიან მძიმე. ეს ნიშნავს, რომ თუ ამ შანსს ვერ გამოვიყენებთ, დიდი ხნით დაიხურება საქართველო პერსპექტივა ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც ძალიან მძიმეა ყველა მოქალაქისთვის. ევროპა ნიშნავს მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებას, მეტ სამუშაო ადგილს, მაღალ პენსიებს, ხელფასებს, ახალგაზრდებისთვის უკეთესი განათლების მეტ შანსს. ამას ვინც უკეტავს და უშლის ხელს, იმას ნამდვილად არ აქვს უფლება, იწოდებოდეს საქართველოს ხელისუფლებად. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენ.

ოპოზიცია რომ ვყოფილიყავით ახლა ხელისუფლებაში და ამხელა მარცხი მიგვეღო საერთაშორისო ასპარეზზე, ის ნამდვილად იქნებოდა პასუხისმგებლობის საკითხი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბუნება რომ არ ვიცოდე, რა თქმა უნდა, მექნებოდა ოპტიმიზმი, რომ ყველა ერთად შევიკრიბებოდით, ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, დავიწყებდით იმ რეფორმებზე მუშაობას, რაზეც შენიშვნები მოგვცა ევროპამ, მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს. იქ ხომ მთავარი საკითხი არის დეოლოგარქიზაცია. დეოლიგარქიცაზია რას ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი. ასეთი რამ როგორ შეიძლება. ამ ნაწილში ვართ პესიმისტურად. ახლა ეროვნული თანხმობის დროებით მთავრობა რომ გვყავდეს, ზუსტად სამ თვეში ყველა პირობას, რაც წერია დოკუმენტში, შევასრულებდით, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში ცოტა ძნელია ამაზე თავის გამოდება და გარანტიების მიცემა მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები და იმ პუნქტების შესრულება, რაც მოცემულია ევროკომისიის რეკომენდაციებში.

„რაც შეეხება პოლარიზებას და იმას, რომ ყველა ჩვენი ვიწროპარტიული გადასახედიდან არ შევხედოთ ამ ყველაფერს, ჩვენ ამას ყოველთვის ასე ვხედავთ და ასე ვაკეთებთ. შარლ მიშელის დოკუმენტსაც ეგრე მოვაწერეთ ხელი, სწორედ პოლარიზების დასრულებისთვის, დავიზიანეთ თავი ამომრჩევლის თვალში, რადგან ისინი სხვა რამეს ითხოვდნენ, მაგრამ რა მივიღეთ „ქართული ოცნებისგან“. არჩევნების წინ გაიქცა ამ შეთანხმებიდან, შეეშინდა და გაიქცა. ახლა კიდეც რომ იგივე მოლოდინი გავაჩინოთ საზოგადოებაში, გამოსწორდა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ და მეორედ აღარ იზამენ, მიამიტობა და უტოპია იქნება ასეთი დაპირების გაცემა საზოგადოებისთვის. შესაბამისად, რა უნდა გავაკეთოთ, ძალიან მარტივი საკითხია. ხელისუფლების წყარო ხომ არის ხალხი, დემოკრატიული მმართველობის ფორმაა ქუჩაში ხალხის აქციაზე გამოსვლა. უნდა გამოვიდეთ ძალიან ბევრნი, რომ ხელისუფლებამ იგრძნოს, ხალხის ნებას ასცდა ხელისუფლების ნება და უნდა წავიდეს იმ კომპრომისებზე, რაც სჭირდება საქართველოს. ჩვენ ხომ საქართველო ევროპისთვის არ გვჭირდება, ჩვენ გვინდა ევროპა საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. ამაში ხომ ყველა ვთანხმდებით. დემოკრატია და დეოლიგარქიზაცია შეუთავსებელია ერთმანეთთან, ამიტომ ყველანაირი ნიშნის მოგებისა და პოლიტიკის გარეშე ვამბობ, სასწრაფოდ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოს, გვანახოს ნაბიჯები და არავინ არ გავაკეთებთ ერთ კრიტიკულ განცხადებას, დავიწყოთ იმ პუნქტების შესრულება, რაც არის მოცემული“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიარ მგონია, გულწრფელად პატრიოტ პოლიტიკურ ძალებს გაუჭირდეთ პოლარიზების მაღალ ხარისხის შენარჩუნებაზე ხელის აღება და კონსტრუქციული გზით სვლა ევროპისკენ – სარჯველაძე
შემდეგი სტატიატვინის დაზიანების პროცესის შეჩერება შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპებზე… – მიხეილ სააკაშვილზე სამედიცინო დასკვნის ნაწილი მზადაა