ეროვნული მუზეუმის და სხვადასხვა მუზეუმების მიერ რამდენიმე ათეული ფერწერული ტილო გაცემულია საელჩოების ბალანსზე, რომლებიც დღეს აღარ იძებნება

ძალიან გაგვიჭირდება დღეს ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, რას ამბობენ დოკუმენტები, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეროვნული მუზეუმის საკითხზე კომენტარისას აღნიშნა.

წულუკიანის თქმით, დოკუმენტების თანახმად, ეროვნული მუზეუმის და სხვადასხვა მუზეუმების მიერ რამდენიმე ათეული ფერწერული ტილო გაცემულია საელჩოების ბალანსზე, რომლებიც დღეს აღარ იძებნება.

კულტურის მინისტრის განცხადებით, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე კულტურის სამინისტროში დღეს იმყოფებოდა. წულუკიანის თქმით, ლორთქიფანიძე კულტურის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურის ფარგლებში გამოკითხა.

„დოკუმენტები ამბობენ რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს, რომ რამდენიმე ათეული ფერწერული ტილო არის საელჩოების ბალანსზე გადაცემული ეროვნული მუზეუმის და სხვადასხვა მუზეუმების მიერ, ისინი აღარ იძებნება. ამ თემაზე ინფორმაცია გადაგზავნილია არაერთი წლის წინ ჩვენი ხელისუფლების პირობებში პროკურატურაში და გამოძიება მიმდინარეობს. ასევე ჩვენ შეგვიძლია ჩავხედოთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, რომელიც ეხება 2018-2020 წლებში ეროვნული მუზეუმის საქმიანობას და იმ უამრავ ხარვეზს, რომელიც არის დადასტურებული. ეს დასკვნაც სამი დღის წინ გადაიგზავნა დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო პროკურატურაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კულტურის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს შემოწმების პროცესი, სადაც როგორც იქნა, მხოლოდ და მხოლოდ დღეს დილით, გენერალურმა დირექტორმა ეროვნული მუზეუმისა გამოხატა ნება და მობრძანდა სამინისტროში და საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურის ფარგლებში გამოიკითხა.

მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა – ის ამბობს, რომ არ იცის და არ გაუგონია. ეს საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, თუ რას დაადასტურებენ სხვა ადამიანები. მაგალითად ფონდის მცველები, რომლებიც ამბობენ, რომ სამინისტრო მართალია, როცა ამბობს ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. დაველოდოთ ამ პროცედურების დასრულებას. როგორც დაგპირდით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკვე ყველა შემაჯამებელ დოკუმენტებზე შეგვეძლება საჯარო განხილვა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.​ კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ანგარიშში საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზეც და რამდენიმე ფაქტი არის ასახული.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა
შემდეგი სტატიაფაქტია – ზუგდიდის 46 000 000-იან ბიუჯეტს “ოცნება” უკონტროლოდ ვეღარ დახარჯავს თავის ნათესავებსა და ზონდერებზე!