ეროვნული მოძრაობის დროსაც კი არ იყო ამდენი ახალგაზრდა გარეთ გამოსული – დავით ზურაბიშვილი

“ამ ხელისუფლების მომხრეებში თუ ვინმე დარჩა ცოტა საღი აზრის მქონე, იმათ გასაგონად მინდა ვთქვა.

თქვენ საერთოდ ხვდებით რისი მომსწრე ხართ და რაში მონაწილეობთ?

ორასი ათასი ადამიანი იყო გამოსული 11 მაისს ქუჩაში, ორასი ათასი! ზოგი მეტსაც იძახის, ზოგი ცოტა ნაკლებს, მაგრამ მთელი რიყე სავსე იყო, მეტეხის ხიდი, მეიდანი, კოტე აფხაზის (ძველი ლესელიძის) ქუჩაც გადატენილი და კიდევ თავისუფლების მოედანი და რუსთაველიც დაკეტილი.
ამდენი ხალხი საქართველოს ისტორიაში არცერთ საპროტესტო აქციაზე არ ყოფილა. ორასი ათასი ქართველი აქამდე არასდროს შეკრებილა ერთად რაიმეს გასაპროტესტებლად.

არ გჯერათ რომ ამდენი იყო და მამუკა მდინარაძის და ნინო წილოსანის კალკულატორებით ანგარიშობთ? თქვე კაი ხალხო, შედით ინტერნეტში, ცოტა იმედის და პოსტვ-ს გარდა სხვების გადაღებულიც ნახეთ რამე, დააათვალიერეთ ვიდეოები და ფოტოები და მერე იანგარიშეთ. ასე თავის დაბრმავება და დაყრუება გაგონილა? რა სინდისით უნდა იძახდე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალ პროტესტზე ჰა ჰა ათი-ოცი ათასი რადიკალი დგასო?

პირველად საქართველოს ისტორიაში გაფიცულია ყველა უნივერსიტეტი. მთელი ახალგაზრდობა აპროტესტებს, მთელი სტუდენტობა ქუჩაშია, არასდროს ასეთი ამბავი არ მომხდარა საქართველოში. ეროვნული მოძრაობის დროსაც კი არ იყო ამდენი ახალგაზრდა გარეთ გამოსული და იმის მერე ხომ მით უმეტეს. ჰოდა, რა სინდისით ეძახით ამ ბიჭებს და გოგოებს ნაცებს, რადიკალებს. მარიონეტებს და ათასი სხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ამკობთ? სულ რომ ნაკერავზე გაიხეთ მომავალი მაინც ამათია და არა თქვენი. მოვა ეს თაობა და ჩაიბარებს ამ ქვეყანას, რადგან ასეთია ბუნებრივი კანონზომიერება და ამ კანონზომიერებას ვერც ბატონი ბიძინა შეაჩერებს და ვერც დიტო სამხარაძის ვირგლა ზონდერები.

აი, თქვენ სად ხართ ამ დროს? ვისთან დგახართ? რომ მიციებიხართ ტელეიმედს და ცოტანი არიან, ცოტანი არიანო, ატყუებთ საკუთარ თავს, რისი იმედი გაქვთ? ნახეთ რა ხდება ქუთაისში, რა ხდება ბათუმში. როდისმე გინახავთ ამ ქალაქებში ამდენი ხალხი საპროტესტო აქციაზე გამოსული? ნახეთ, შეხედეთ, დათვალეთ და მერე დაფიქრდით.

დავუშვათ და ვერ ამჩნევთ როგორ უსაფრდებიან ოპოზიციონერ აქტივისტებს საცემრად ხელისუფლების ზონდერები, არც ის გესმით, როგორ ურეკავენ და დედას აგინებენ მათი ოჯახის წევრებს, როგორ არბევენ შეკრებებს და აპატიმრებენ ათობით ადამიანს და მერე მათაც ცემენ, არაფერი ამის დანახვა და გაგონება თქვენ არ გინდათ, არც ის გეხამუშებათ, რომ მთელი ამერიკა და ევროპა ჩვენს ხელისუფლებას აკრიტიკებს და მარტო რუსეთი აქებს და რაღაც კონსპირაციებით იმშვიდებთ თავს, მაგრამ სულ რომ თავი დაიბრმავო და დაიყრუო, სულ რომ არ იცოდე ადამიანმა რაშია საქმე და რა კანონზეა ლაპარაკი, იმდენს კი უნდა ხვდებოდე, რომ შეიძლება ერთი ადამიანი ცდება, ორი, სამი, ასიც და ჰა ჰა ათასიც, მაგრამ შეუძლებელია თავისი ნება-სურვილით ქუჩაში გამოსული ორასი ათასი ადამიანი შემცდარი იყოს. ეს უბრალოდ ბევრი ხალხი კი არ არის, ეს არის ფაქტობრივად მთელი ქალაქი და თუ მაინც სხვა აზრი გაქვს, ის დროა შენს თავს ჰკითხო, რამე ხომ არ მეშლებაო.

მოკლედ, მე ჩემი გითხარით და თქვენ თუ მაინც თქვენსას დაიჩემებთ, მით უარესი თქვენთვის. ისტორიის არასწორ მხარეს დგომა არის ყველაზე ცუდი მემკვიდრეობა, რაც კი შეიძლება თქვენს შვილებს და შვილიშვილებს დაუტოვოთ და იქნებ ცოტა დაფიქრდეთ ამაზე იმედისა და პოსტვ-ს პროპაგანდისგან მოსვენებული გონებით? ხოლო თუ მაინც არ დაფიქრდებით, რას ვიზამ? თქვენი არჩევანი იქნება ბოროტებასთან და სიყალბესთან თანაზიარობა, აქედან გამომდინარე შედეგებით.” – წერს სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში პატრიოტები – დუგინი
შემდეგი სტატიადასავლეთისათვის აქვს მიბარებული ფული ყველა რუს ოლიგარქს – გოცირიძე ივანიშვილზე