,,ეროვნული გამოცდების გაუქმება არ იგეგმება, თუმცა შესაძლოა, საგნები და უნარები ცენტრალიზებულ გამოცდაში გაერთიანდეს”

შესაძლოა, მომავალში იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა, რომელშიც საგნები და უნარები იქნება კომბინირებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განუცხადა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ეროვნული გამოცდების გაუქმება და განიხილება თუ არა სტუდენტების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდით ჩარიცხვის შესაძლებლობა, ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ მსგავს საკითხზე მსჯელობა არ მიმდინარეობს და საუბარია მხოლოდ ეროვნული გამოცდების არსებული მოდელის დახვეწაზე. თუმცა, მისივე თქმით, უნივერსიტეტებთან გამოცდების მოდელების განხილვისას ეროვნული გამოცდების შესაძლო გაუქმების საკითხზეც იყო საუბარი.

„როდესაც უნივერსიტეტებთან განვიხილავდით მათი ავტონომიისა და პასუხისმგებლობის ზრდის კომპონენტებს, ეს საკითხიც განიხილებოდა. თუმცა, საუბარი არის იმაზე, როგორც არის ბევრ დასავლურ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ უნივერსიტეტები და საზოგადოება ენდობა სკოლას და იქ მიმდინარე პროცესებს, შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში წავიდეთ იქითკენ, რომ სკოლის აკადემიური მიღწევები: რას აკეთებდა მოსწავლე 12 წლის განმავლობაში სკოლაში, როგორც საგანში, ასევე კლასგარეშე აქტივობაში, რამდენად ლიდერული და აქტიური იყო, მისი ძლიერი მხარეები შესაძლებელია, მონაწილეობდეს ჩარიცხვაში. გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება ეს მოდელი, საით წავიდეთ. ბევრ ვარიანტზე შეიძლება იყოს ლაპარაკი“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

banner
წინა სტატიაში,,თუ პარლამენტი დეპუტატების 9-კაციანი ჯგუფის ინიციატივას დაამტკიცებს, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ”
შემდეგი სტატიათბილისში ე.წ. ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს