„ეროვნული ერთობის“ ლიდერ გიორგი ჭელიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს ოფიციალურად ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი სახლიდან ამოღებული იარაღი კანონიერად იყო გაფორმებული. გიორგი ჭელიძე დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება. ამოღებულ იარაღს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი, 1986 წელს დაბადებული გიორგი ჭელიძე გუშინ დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 31 აგვისტოს სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი დააკავა
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია -სპორტული აქტივობები, რეგიონში ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და ტურისტების მოზიდვა შეუწყობს ხელს