ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს ეროვნული ბანკის სათაო ოფისში შეხვდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენებზე გლობალურ საფინანსო სისტემაზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის (Stand-by Arangement) მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებს და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც სებ-მა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ის მიერ რუსეთის საფინანსო სექტორის მიმართ დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით გადადგა.

„აშშ-ის ელჩთან შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკა საქართველოს ერთგული მხარდამჭერი და პარტნიორია. სწორედ აშშ-ის ჩართულობით ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და განვითარებას. აშშ-ის ელჩთან ვისაუბრე იმ რეფორმებსა და ნაბიჯებზე, რომლებიც სებ-მა გლობალური გამოწვევების ფონზე გადადგა. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კელი დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და აფასებს თანამშრომლობას ეროვნულ ბანკთან.

„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან ვისაუბრე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და აფასებს ჩვენს თანამშრომლობას ეროვნულ ბანკთან და მზად ვართ, სხვა პარტნიორებთან ერთად, ვიმუშაოთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული შოკის დაძლევის პროცესშია. ვფიქრობ, ეს სტაბილურობა სწორედ ეროვნული ბანკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მყარი თანამშრომლობითაცაა განპირობებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა, სინამდვილეში, ეს ყველამ კარგად იცის, მაინც ამბობენ, რომ ოლიგარქია და ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მტკიცებულება ნული – იონათამიშვილი
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინას 30 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა