ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები კომერციული ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდება

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თუ დღემდე მოქმედი რეგულაციებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის თავმოყრა ხელშეკრულების თავსართში მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის იყო სავალდებულო და შეეხებოდა მხოლოდ 300-დან 50 000 ლარამდე საკრედიტო და სადეპოზიტო პროდუქტებს, ახალი ვერსიით, ეს ვალდებულება იურიდიულ პირებზეც გავრცელდება და პროდუქტების თანხობრივი არეალი უკვე 200 000 ლარამდე გაიზრდება. დადგინდა შრიფტის მინიმალური ზომები (თავსართი 12 ზომა, ხელშეკრულების ძირითადი პირობები 10), რათა უფრო ადვილი გახდეს ხელშეკრულების წაკითხვა და გამოირიცხოს მისი გაცნობისთვის ხელისშემშლელი დამატებითი ბარიერები.

დადგინდა არააქტიურ პროდუქტებზე საკომისიოს შეწყვეტის წესიც. კერძოდ, ფინანსურ ორგანიზაციებს ამ წესების მოქმედების არეალში აღარ ექნებათ უფლება მომხმარებლებს დააკისრონ საკომისიო 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში იმ პროდუქტებზე, რომლებსაც მომხმარებლები აღარ იყენებენ. ცვლილებებია კრედიტის წინსწრებით დაფარვის წესსა და განაკვეთთან დაკავშირებით. , მაქსიმალური განაკვეთი განისაზღვრა წინსწრებით დასაფარი ნარჩენი ძირის 2%-ის ოდენობით. გარდა ამისა ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ მომხმარებლებისთვის ორი ახალი, ალტერნატიული გრაფიკის შეთავაზების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ იფარება კრედიტის საწყისი ძირითადი თანხის 20%, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით.ახალი წესი საფინანსო ბაზარზე მომხმარებლების უფლებების დაცვის საჭიროებების ანალიზზე დაყრდნობით შემუშავდა და ის ჩაანაცვლებს მოქმედ “კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების” წესს.

 

banner
წინა სტატიაში“ციანიდის საქმე” – ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
შემდეგი სტატიაგოცირიძე: ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან – გასარეკია ჯანდაცვის სამინისტროს უფროსობა