ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს.ამის შესახებ „თაიმერს“ თიბისი ბანკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

„დღეს, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.

რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. თიბისი ბანკი გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას. თიბისი ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც აქამდე, საქმიანობას აგრძელებენ თიბისი ჯგუფის ბრიტანული ჰოლდინგის TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის მფლობელი მშობელი კომპანია) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებზე.

თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

banner
წინა სტატიაში,,უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობით შესაძლოა, სახელისუფლო შტოებს შორის განაწილების პრინციპი დაირღვეს”
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას განმარტავს