უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. ერმაკის მიერ X-ზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და სტამბოლში რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების საკითხები განიხილეს.
“ჩვენ ასევე ერთმანეთს ხედვები გავუზიარეთ სტამბოლში რუსებთან შეხვედრებზე, მოლაპარაკებების სამომავლო კურსზე, მომავალ პატიმრების გაცვლაზე და ყველა მძევლისა და რუსეთის მიერ მოტაცებული ბავშვის უკან დაბრუნების მნიშვნელობაზე”. – წერს ერმაკი.
მისი თქმით, რუბიოსთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ “უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელია, მშვიდობის მისაღწევად და მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის – მაგრამ რუსეთი უარს ამბობს. სწორედ ამიტომ დამატებითი სანქციებია საჭირო”.
“ჩვენ მომდევნო ნაბიჯების კოორდინირებაზე შევთანხმდით”. – დაამატა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
ცნობისთვის, 3 ივნისს ერმაკი აშშ-ში გაემგზავრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდთან დაგეგმილი შეხვედრებისთვის. ვიზიტის ფარგლებში იგი აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს კით კელოგს, და ასევე ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებსაც შეხვდა.