სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები შეაჯამა. მისი განცხადებით, მონაცემები ქვეყანაში სერიოზულ დემოგრაფიულ გამოწვევებზე მიუთითებს — შობადობა იკლებს, მოსახლეობა კი სწრაფი ტემპით ბერდება.
სტატისტიკოსის განმარტებით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 31-დან 38 წლამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერი თითქმის 7 წლით დაბერდა. ამასთან, კრიტიკულად მიუახლოვდა ერთმანეთს ბავშვებისა და ხანდაზმულების რაოდენობა:
„თუ საუკუნეების მიჯნაზე 100 ბავშვზე 35 ასაკოვანი ადამიანი მოდიოდა, წინა აღწერისას ეს მაჩვენებელი 77 იყო, 2024 წლის აღწერით კი 90-ს გადასცილდა… ერი გაცილებით სწრაფად ბერდება. გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შორის — მამაკაცებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობამ პირველად გადააჭარბა 80 წელს“, — განაცხადა არჩვაძემ.
სპეციალისტმა ყურადღება მიგრაციულ პროცესებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გასულ წელს დაფიქსირებული დადებითი სალდოსი, ტენდენცია მაინც არასახარბიელოა, რადგან ყოველ 1 დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეზე ქვეყანაში 7 უცხოელი შემოდის, რის გამოც საერთო წილში საქართველოს მოქალაქეების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება.
ძირითადი სტატისტიკური მონაცემები (2024 წლის აღწერა):
საქართველოს მოსახლეობა: 3 929 581 კაცი (2014 წელთან შედარებით 5.8%-ით მეტი).
გენდერული ბალანსი: ქალი — 52% (2 048 577), კაცი — 48% (1 881 004).
ურბანიზაცია: ქალაქად ცხოვრობს მოსახლეობის 62% (ზრდა 15.7%), სოფლად — 38% (კლება 7.4%).















