ერგნეთის ბაზრობას მნიშვნელოვანი სამშვიდობო ეფექტი ჰქონდა

პრემიერ-მინისტრის მიერ დააანონსებული ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული, – ამის შესახებ სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს არსებული შეზღუდვების ფონზე, ვაჭრობა მაინც ხორციელდება და ადამიანებს ამ საქმიანობის განხორციელება უმძიმეს პირობებში უწევთ. არ არის სატრანსპორტო კომუნიკაცია და გადასასვლელები დაიკეტა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ხდება, რადგან ის სასიცოცხლო ინტერესს უკავშირდება. ჩვენი ინიციატივა არსებულ ვაჭრობაზე რეგულაციების, ან რამე დამატებითი შეზღუდვის დაწესებას არ გულისხმობს. პირიქით, ახალი შესაძლებლობების შეთავაზებით, ის ვაჭრობის გამარტივებასა და გაფართოებას გულისხმობს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვის მიზეზებს შორის კორუფცია, კონტრაბანდა და უსაფრთხოების მაღალი რისკები იყო, გათვლილია თუ არა ამაჟამად ეს რისკები და დაცვის რა მექანიზმები არსებობს, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ინიციატივის შემუშავებისას რისკების შეფასება მოხდა და ჩრდილოვანი ბრუნვის ასარიდებლად მათი ნიველირების გზები დაისახა.

„რაც შეეხება ერგნეთის ბაზრობას, მისი იმ ფორმით დახურვა, როგორც მაშინ მოხდა, შეცდომა იყო. მას ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ეფექტი ჰქონდა და მისი ტრანსფორმაციის შესაძლებლობა იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტ გამსახურდიას ორი უერთგულესი მცველის შესაძლო კვალი-რა მოხდა სოფელ ნაკიფუში
შემდეგი სტატიაიგეგმება ეკონომიკური ზონის ამოქმედება სოფელ რუხთან