17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

ერევანში დაკავებულ უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება

ერევანში დაკავებულ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს, 28 წლის გიორგი კინოიანს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება, თუ მის საქმეში საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერევა.

რუსეთში გიორგი კინოიანი დამნაშავედაა ცნობილი (რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის გამო უკრაინის მხარეს), ის დაუსწრებლად გაასამართლეს და 7 წლით პატიმრობაც დაუსწრებლად მიუსაჯეს. ეს შარშან მოხდა:

25 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა საქართველოს 28 წლის მოქალაქე გიორგი კინოიანი და, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის, მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

კინოიანი “ქართულ ლეგიონს” 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნებაყოფლობით შეუერთდა. ლეგიონი რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული და მისი ჯარისკაცები დაქირავებულ მებრძოლებად ითვლებიან. თუმცა, ოფიციალურად ლეგიონი უკრაინის სამხედრო ძალების ნაწილადაა აღიარებული.  „კინოიანმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში სხვადასხვა ადგილებში. დაქირავებული მებრძოლის მიერ მიღებული ანაზღაურების ოდენობა დაახლოებით 155 ათასი რუბლის ექვივალენტია“, – იუწყება TASS რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით.

უცნობია, რა მიზეზით დააკავეს გიორგი კინოიანი ერევანში, უცნობია ასევე, ექნება თუ არა რეაგირება დაკავების ფაქტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მანამდე კი საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელებში მსჯელობენ, როგორ შეიძლება გამოვიხსნათ დაკავებული კინოიანი ისე, რომ მტრის ხელში არ აღმოჩნდეს და რუსეთში ექსტრადირებას გადაურჩეს. ამ მიზნით ისინი აპირებენ სომხეთის პრემიერის სახელზე პეტიცია შეადგინონ და ნიკოლ ფაშინიანს გაუგზავნონ. განიხილება თბილისში სომხეთის საელჩოსთან შეკრების იდეაც.

 

banner
წინა სტატიაშიპუტინს ძალიან მალე დაველაპარაკები – ტრამპი რუსეთის მიერ კიევის დაბომბვაზე
შემდეგი სტატიაReckless – ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების მეორე ადგილის მფლობელი გახდა