ერეკლე კოდუას საქმეზე დღეს სპეცდანიშნულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დაიკითხება

შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას ბრალდების საქმეზე დღეს სპეცდანიშნულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დავით დათაშვილი დაიკითხება.

საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, დათაშვილი ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელიც ჩვენებაში იტყვის, თუ ვინ გასცა ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შესვლის ბრძანება.

„დღეს დაიკითხება მოწმე, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო. ისაუბრებს 2007 წლის მოვლენებზე და დაასახელებს, თუ ვისი მითითებით და ბრძანებით შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“. ის ერთ-ერთი პირდაპირი მოწმეა კოდუას საქმეზე და იტყვის, ვისი მითითებით მოქმედებდა“,-განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ერეკლე კოდუა უკვე მე-6 ბრალდებულია. 2007 წელს ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი იყო. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა ტელევიზიაში. დააზიანეს აპარატურა, ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„იმედის“ დარბევის შედეგად ოფიციალურად დაზარალებულად 13 პირია ცნობილი. მათ აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოძიება და სასამართლო განხილვები საქართველოში დაიწყო და სტრასბურგმა სარჩელის განხილვა შეწყვიტა. .

ერეკლე კოდუას ორ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი. ამჟამად ის ოფიციალურად ძებნილია.

ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის ეპიზოდთან ერთად გაერთიანებულია 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმე და ბადრი პატარკაციშვილის წილების დათმობის ეპიზოდი. ამ დრომდე არსებით განხილვაშია მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმე. ყოფილ მაღალჩინოსნებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან

banner
წინა სტატიაშითუკი ვინმე დააპირებს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას, ეს გუნდის მთლიანობაზე არ მოქმედებს – მათიკაშვილი “ოცნების” დაშლაზე
შემდეგი სტატიატექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამ მემორანდუმს მოეწერა ხელი