ერეკლე კოდუას განაჩენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას განაჩენის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ კოდუას მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

სასამართლოს ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდების საქმეზე (2 ეპიზოდი) ერეკლე კოდუა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ.

„ერეკლე კოდუას ბრალად ედებოდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (2 ეპიზოდი), ასევე თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი).

საქმე ეხება „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ LEXUS-ისა და TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომობილების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად და მოტყუებით, მისაკუთრებისა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტებს.

თაღლითობის ბრალდების საქმეზე (2 ეპიზოდი) ერეკლე კოდუა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ და ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონისა და შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

სასამართლოს ინფორმაციით, სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ბრალდებულის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტები, შესაბამისად ამ ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში ერეკლე კოდუა გამართლდა.

რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი იყო მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რაც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურასთან კამპანია “ეს შენ გეხებას” საპროტესტო აქცია დასრულდა
შემდეგი სტატიასამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ ექიმებისათვის რამდენიმე რეკომენდაცია მიიღო