ერდოღანი – გაერო კაცობრიობის მოლოდინებს აღარ ამართლებს

გაერო კაცობრიობის მოლოდინებს აღარ ამართლებს, – ასეთი განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ერდოღანმა რიგით 73-ე სესიაზე აღნიშნა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო გადაიქცა სტრუქტურად, რომელიც მხოლოდ ხუთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„დროთა განმავლობაში, გაერო-მ კაცობრიობის მთავარი მისწრაფებების დაკმაყოფილება შეწყვიტა, ეს ფაქტია. გაერო-ს უშიშროების საბჭო საერთაშორისო მასშტაბით არსებულ უსამართლობას ყურადღებას არ აქცევს. ის გადაიქცა სტრუქტურად, რომელიც მხოლოდ ხუთი სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებს, იმ ქვეყნების, რომლებსაც ვეტოს უფლება აქვთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე საუბრის დროს თურქეთის პრეზიდენტმა სავაჭრო ომზეც ისაუბრა. მისი თქმით, ერთმხრივი შეზღუდვები განურჩევლად ყველა ქვეყანაზე ნეგატიურად ისახება.

სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის პრეზიდენტმა სირიელ ლტოლვილებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ოფიციალურმა ანკარამ დღემდე სირიელი ლტოლვილებისთვის 32 მილიარდი დოლარი დახარჯა მაშინ, როდესაც აღნიშნულ საკითხში დახმარების სახით საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მხოლოდ 600 მილიონი დოლარი მიიღო. ევროკავშირმა კი თურქეთში მყოფი სირიელი ლტოლვილების დახმარებისთვის 1,7 მილიარდი ევრო გამოყო.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 73-ე სესიაზე თურქეთის პრეზიდენტმა სირიის კონფლიქტიც განიხილა. მან აღნიშნა, რომ იდლიბის პროვინციასთან დაკავშირებით თურქეთსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დეესკალაციის ზონაში ასადის თავდასხმები თავიდან აიცილეს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ რეგიონში 3,5 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს.

ამასთან, ერდოღანმა სირიაში ჩატარებული ოპერაციების წარმატებაზე ისაუბრა, რომელთა წყალობითაც, პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე რეგიონი ტერორისტული დაჯგუფებებისგან გათავისუფლდა.

banner
წინა სტატიაშისექსუალური ძალადობის გამო ბილ კოსბის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაგენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე – დაკავებულ გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება