ერდოღანი და თურქეთის ახალი სახელმწიფოს იდეა

,,ჩვენ ახლა ახალ სახელმწიფოს ვქმნით… მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ამ ახალი სახელმწიფოს შემქნელი რეჯეფ ტაიპ ერდოღანია,, ამ სიტყვებმა, რომელიც თურქეთის მმართველი ,,სამართლიანობისა და განვითარების პარტიის,, (AKP) ხელმძღვანელთა საბჭოს წევრსა და ამ საბჭოში სამოქალაქო პლატფორმის ხელმძღვანელ აიჰან ოღანს ეკუთვნის, თურქულ მედიაში და საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა ,,სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ,, ტელეარხ CNN Türk-ის თოქ-შოუში გასული აიჰან ოღანის სიტყვების გამო, მმართველ პარტიას მეორე დღსვე უჩივლა და მას თურქეთის რესპუბლიკის შემქმნელი ქემალ ათათურქისა, მისი ,,სახალხო რესპუბლიკური პარტიის,, (CHP) უპატივმცმლობასა და კონსტიტუციური წყობის უგულვებელყოფაში დასდო ბრალი.

მმართველი პარტიის მაღალჩინოსნის განცხადების გამო უკმაყოფილება გამოხატა, მეორე ოპოზიციურმა ,,ნაციონალური მოძრაობის პარტიამ,, (MHP), რომელიც ბოლო დროს ერდოღანის ხელისუფლების მიმართ ლოიალურ პოლიტიკურ ძალად განიხილება და ხელისუფლების თითქმის ყველა სტრატეგიულ მიმართულებას უჭერს მხარს. MHP-ს ლიდერმა დევლეთ ბაჰჩელიმ, აიჰან ოღანის გამონათქვამს კერძო პირის ბუნდოვანი ბოდვა უწოდა და პრეზიდენტ ერდოღანისაგან ამ გამონათქვამზე პასუხის გაცემა მოითხოვა, თუმცა არც ერდოღანსა და არც თურქეთის სახელმწიფოს არც ერთ მაღალი რანგის ჩინოვნიკს, ამ დრომდე ოღანის გამონათქვამისთვის შეფასება არ მიუცია. პასუხი ოპოზიციას, მისივე სიტყვების გამო მიღებულ რეაქციაზე, რამდენიმე დღის მერე თავად ოღანმა გასცა… მან ოპოზიციას ,,უმწეო არსებები,, უწოდა, რომლებიც ,,მმართველ პარტიის წევრებს სამშობლოს სიყვარულს ვერ ასწავლიან,,

როგორც ერდოღანის ოპოზიცია, ასევე დასავლელი მიმომხილველები დიდი ხანია აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ერდოღანის ხელისუფლებამ ათათურქის მიერ დაფუძნებული თურქეთის რესპუბლიკიდ პრინციპებს გადაუხვია, რასაც ეროღანის თანამებრძოლის – აიჰან ოღანის მიერ გაკეთებული განცხადება ახალი სახელმწიფოს შექმნაზე, კიდევ უფრო ამძაფრებს. თურქეთშიც და მის ფარგლებს გარეთ, ბევრს მიაჩნია, რომ აიჰან ოღანის მიერ გაჟღერებული ფრაზა ,,ახალის სახელმწიფოს,, შექმნაზე, მისი პირადი მოსაზრება არ ყოფილა… და რომ ასე ფიქრობს პრეზიდენტი ერდოღანიც და თურქეთის მმართველი ელიტაც.
30 ვლისს, თურქეთის შანლიურფას სივერეკის რაიონში მომხდარი ვანდალური აქტიც, ალბათ ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, რომ თურქეთში ქემალ ათათურქის იდეა ძლიერი, უნიტარული და დემოკრატიული რესპუბლიკისა, ხელისუფლების ზეგავლენით დევალვაციას განიცდის. მსგავსი ვანდალიზმი 15-20 წლის უკან რომ ვინმეს განეხორციელებინა, ალბათ მთელი თურქეთი ფეხზე დადგებოდა.

სივერეკში, მაჰმადიანურ თავსაბურავში გამოწყობილმა წვეროსანმა მამაკაცმა, ვინმე მეჰმეთ მალბორამ, ქემალ ათათურქის ძეგლს ნამგლით დაუწყო დაზიანება… სანამ პოლიცია დააკავებდა, ვანდალმა განცხადების გაკეთებაც მოასწრო, სადაც ათათურქის ძეგლი და მისდამი თურქების პატივისცემა, კერპთაყვანისმცემლობად გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ეს ვანდალური აქტიც, ძირითადად ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ გააპროტესტა და მას ხელისუფლების მხრიდან აქტიური განხილვა არ მოჰყოლია.
მიუხედავადა იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლება ჯერჯერობით ათათურქის სახელმწიფო იდეეებს აშკარად არ ეწინააღმდეგება, ქვეყნის ხელისუფალთა ბოლო დროინდელ გამოსვლებში აშკარად ჩანს სურვილი, რომ მსოფლოს აუწყონ ახალი თურქეთის დაბადება… ახალი სახელმწიფოსი, ახალი მიდგომებისა და ახალი კურსის, რომელიც ხელისუფალთა აზრით გასული წლის 15 ივლისის წარუმატებელი სამხედრო ამბოხების შემდეგ დაიბადა.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაში​ხანძარი აბაშიძის ქუჩაზე – ორი ადამიანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი
შემდეგი სტატიაქურდობა გორში და გადარჩენილი 25 ათასი დოლარი