ერაყი საფრანგეთს, აშშ-სა და ირანს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

ერაყმა საფრანგეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი, იბრაჰიმ ალ-ჯაფარი აცხადებს, მისი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები ფლობენ ინფორმაციას, სადაც მითითებულია, რომ საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი თავდასხმების სამიზნე ქვეყნებს შორის არიან.

„ინფორმაცია მიღებულია ერაყის სადაზვერვო წყაროებიდან, რომ ეს ქვეყნები მალე სამიზნე გახდებიან, მათ შორის, ძირითადად ევროპული ქვეყნები არიან, კონკრეტულად საფრანგეთი, ამერიკა და ირანი“, – განაცხადა ჯაფარიმ, სირიაში ომის დასრულების საკითხებზე ვენაში გამართულ მოლაპარაკებებზე.

მისივე თქმით, ამ ქვეყნებს შესაბამისი ინფორმაცია უკვე გადაეცათ. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, მისი განცხადებების ამსახველი ვიდეო მინისტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მას არ დაუკონკრეტებია ეს საფრთხე მომდინარეობს თუ არა „ისლამური სახელმწიფოსგან“, თუმცა, ალ-ჯაფარიმ აღნიშნა, რომ ეგვიპტეში, ლიბანსა და საფრანგეთში ბოლო თავდასხმები რადიკალურ დაჯგუფებებზე გლობალურ საპასუხო შეტევას საჭიროებს.

13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ერთი აფეთქება მოხდა რესტორანში, 3 აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა, თეატრ „ბატაკლანში“, სადაც როკ-კონცერტი იმართებოდა, უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 132 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან ერთად, 1500 სამხედროა მობილიზებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის გამგეობასთან 78 წლის მოხუცი შიმშილობას განაგრძობს
შემდეგი სტატიარა სჭირდება საქართველოს, პენსია, თუ პრემია -ნაციონალურები პენსიების ზრდის მოთხოვნით კამპანიას იწყებენ