უკიდურესი სიცხის გამო იტალიის ყველა მსხვილ ქალაქში საფრთხის უმაღლესი, „წითელი დონე“ გამოცხადდა.
როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, განგაშის რეჟიმი 27 ქალაქში მოქმედებს, მათ შორის რომში, მილანში, ტურინში, ვენეციაში, ფლორენციაში, ნეაპოლში, ჯენოაში, ვერონაში, ბოლონიაში, ბარიში, პალერმოსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში. სპეციალისტების განმარტებით, „წითელი დონე“ ნიშნავს, რომ ხანგრძლივი ექსტრემალური სიცხე მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40°C-ს მიუახლოვდა. შექმნილი ვითარების გამო, ხელისუფლება მოსახლეობასა და ტურისტებს სპეციალური რეკომენდაციებით მიმართავს:
გადაადგილება: მოერიდეთ პირდაპირ მზეზე გასვლას 11:00-დან 18:00 საათამდე და დარჩით გრილ სივრცეებში.
ჰიდრატაცია და კვება: მიიღეთ დღეში სულ მცირე 1.5 ლიტრი წყალი; მოერიდეთ ყავას, ალკოჰოლს, გაზიან სასმელებსა და მძიმე საკვებს.
უსაფრთხოება: ატარეთ მსუბუქი ტანსაცმელი და კატეგორიულად მოერიდეთ ბავშვებისა თუ შინაური ცხოველების ავტომობილში დატოვებას.
მაღალი ტემპერატურის უარყოფითი ეფექტების შესამცირებლად, რომსა და სხვა ტურისტულ ცენტრებში მოქალაქეებს დღის ყველაზე ცხელ საათებში კონდიცირებულ კინოთეატრებსა და კულტურულ დაწესებულებებში უფასოდ შესვლას სთავაზობენ.
გარდა ამისა, ისეთი ისტორიული ღირსშესანიშნაობების სამუშაო საათები, როგორებიცაა კოლიზეუმი და პანთეონი, გახანგრძლივდა, რათა ვიზიტორებმა მათი დათვალიერება საღამოს, შედარებით გრილ პერიოდში შეძლონ.















