ექსპლუატაციაში მიღების გარეშე შენობა-ნაგებობაში შესახლება დაუშვებელი იქნება

დასრულებულ მშენებლობებში მოქალაქეთა შესახლება საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე დაშვებული არ იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, აღნიშნული საკითხი თბილისის მერიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უკავშირდება.

„მოგეხსენებათ, გასულ ზამთარს გვქონდა რამდენიმე უბედური შემთხვევა, მოხდა ბუნებრივი აირის აფეთქება. სამწუხაროდ, იყვნენ გარდაცვლილები. შენობა, რომელშიც ეს შემთხვევა მოხდა, მშენებლობა დასრულებული იყო, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა. ეს არის პრობლება. მინდა, შევახსენო მოსახლეობას, ეს ნორმა გაუქმდა 2009 წელს და სწორედ მაშინ იქნა დაშვებული ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში შესახლება. მაშინ ეს სამშენებლო სექტორის ხელშესაწყობად მოხდა, თუმცა დღეს იკვეთება, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა უნდა დაბრუნდეს.

„გვინდა, ეს ნორმა დავაბრუნოთ ძალაში და შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობეში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არ იქნება მიღებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ განმარტა, რომ ექსპლუატაციაში მიღება სამშენებლო ზედამხედველობის ის ნაწილია, რომლითაც დგინდება, რამდენად შესაბამისობაშია ნაგებობა პროექტთან და უსაფრთხოების ნორმებთან.

„სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვართ იმ სამართლებრივ მოცემულობაში, როცა შეუძლებელია ექსპლუატაციაში მიუღებელი კორპუსებიდან მოსახლეობის გამოყვანა. სულ მცირე, ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში, როდესაც გავცემთ მშენებლობის ახალ ნებართვებს, დასრულებულ შენობაში მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს ადამიანების შესახლება, რაც ის ექსპლუატაციაში იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საკანონმდებლო პაკეტზე კომპლექსური მუშაობისთვის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, ასევე გუნდს მადლობა გადაუხადა და პარლამენტის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშითბილისში 600-ზე მეტ ობიექტს, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ამნისტია შეეხება
შემდეგი სტატიაზოგიერთი სამშენებლო დარღვევა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება