ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, უწყების ინიციატივით შექმნილ „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსთან” პირველი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სახელწმიფო მინისტრმა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა. ასევე, მან წარმოადგინა ხედვა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის გაანალიზების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის განხილვის და მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიმართულებით თანამშრომლობის წარმართვის კონკრეტულ ასპექტებზე. თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას 2010 წელს დამტკიცებული ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიულ გადახედვის დაწყებასთან დაკავშირებული ინიციატივა გააცნო და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეები ერთხმად მიესალმნენ სახელმწიფო მინისტრის ინიციატივას, წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და დაადასტურეს საბჭოს ფარგლებში აქტიური მუშაობის, ისევე როგორც ჩართულობის სტრატეგიის გადახედვის პროცესში მონაწილეობის მზაობა და მნიშვნელობა.

„საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობასთან შერიგების მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენივე ინიციატივით ახლახან დაარსდა და ჩამოყალიბდა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად იმუშავებს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის გაანალიზების საკითხებზე. ამ ფორმატის შექმნის მთავარ მიზანს, ასევე, წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საჭიროებების გამოვლენა და იქ მიმდინარე განვითარებების განხილვა და ჩვენ ამ პროცესში რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ ჩვენი ექსპერტების და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებს, რჩევებსა და მოსაზრებებს. ასევე, კიდევ ერთი მთავარი მიზანი დღევანდელი ჩვენი შეხვედრისა, ახლადშექმნილი ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში იყო ჩვენი ექსპერტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივის წარდგენა და გაცნობა, 2010 წლის ჩართულობის სტრატეგიისა და მისი თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აპარატში ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა და ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის ინიციატივა. შეხვედრის მონაწილეებმა ამ და სხვა მიმართულებებით სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ანალიზის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და გამოწვევების განხილვის, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯების შესახებ ექსპერტული მოსაზრებების გაზიარების მიზნით შეიქმნა. საბჭოს შემადგენლობა კონფლიქტის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და მრავაწლიანი გამოცდილების ექსპერტებით განისაზღვრება; მის მუშაობაში, მოწვეული სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას ასევე იღებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიესპანეთი ივნისში ტურისტებს ელოდება
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა – რამდენად ნეიტრალური ვიქნები – ამას საქმე გვიჩვენებს