ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვაშლიჯვარში მდებარე ავარიული კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია

ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი საექსპერტო დასკვნის შედეგად, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა საბურთალოს გამგეობას სასტუმროდან დროებით საცხოვრებელში გადაჰყავს.

„ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე, დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში საყრდენ კონსტრუქციებს გაუჩნდა ბზარები. საბურთალოს რაიონის გამგეობამ, უსაფრთხოების მიზნით, პირველივე დღესვე უზრუნველყო მოსახლეობის ევაკუაცია და 53 ოჯახი გადაიყვანა სასტუმროში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოსახლეობის დროებით საცხოვრებელში გადაყვანა და ბინების ქირით კომპენსაცია. დღემდე, გამგეობის წარმომადგენლებს და პირადად გამგებელს აქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ადამიანებთან. გარდა ამისა, გამგეობამ დაჩქარებული წესით შეუკვეთა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კვლევა, რომლის დასკვნის თანახმად, კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია. საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარება, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს საქმის წარმოება. სამშენებლო სუბიექტს დავალებული აქვს კვლევებისა და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.

„რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნულ მშენებლობას, ნებართვის მფლობელი და მშენებლობის განმახორციელებელია შპს „თორი“. მშენებლობის ნებართვა გაიცა 2016 წლის 12 იანვარს, ხოლო მშენებლობის ვადა მშენებელს განესაზღვრა 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით. მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდა მობინადრეების შესახლება ისე, რომ კომპანიას შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიისთვის არ მოუმართავს. იმ პერიოდში აღნიშნული ქმედება სამშენებლო სამართალდარღვევად არ მიიჩნეოდა. შესაბამისად, ხშირი იყო შემთხვევები, რომ ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში მობინადრეების შესახლება ხდებოდა. ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემებს ქმნიდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაში„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ – თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა
შემდეგი სტატიაწყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება