ექსპერტიზა ახსენეს დაშვებული იქნებაო, მაგრამ დრო გადის და არავითარი ექსპერტიზა – ეს ადამიანი ისევ ვერ ჭამს და ისევ მშიერია – ალასანია

თურმე არავინ არ იყო მისი [მიხეილ სააკაშვილის] მომხრე არასოდეს და არავინ იყო არაფრით კმაყოფილი, ყველა ნაწყენი აღმოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში” მისი შვილის მონახულებამდე მედიასთან განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, ის გაბრაზებულია, რადგან ისეთი ვითარება შეიქნმა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის საერთოდ „არაფერი გაუკეთებია ქვეყნისთვის“ მავნებლობის გარდა.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ადამიანი არ უნდა იყოს ციხეში.

,,უკვე აღარავის აღარაფერი არ მჯერა. აქ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ეს ჩემი შვილი საერთოდ საიდან მოვიდა, რატომ მოვიდა და რატომ არის ამ ქვეყანაში, საერთოდ რაიმე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის მავნებლობის გარდა?! არ ვიცი უკვე, აღარაფერი ვიცი. ძალიან გაბრაზებული ვარ, ძალიან ბევრზე და ძალიან ბევრ რამეზე. ძალიან ბევრი რამის გამო გაბრაზებული ვარ. იმიტომ, რომ სულ მესმის სხვათა შორის ტელევიზორიდან, გადაცემებიდან მე კი არ ვიყავი, იცით მისი მომხრე და მე კი არ ვიყავი. თურმე არავინ არ იყო მისი მომხრე არასოდეს და არავინ არ იყო არაფრით კმაყოფილი. ყველა ნაწყენი აღმოჩნდა ამ ქვეყანაში. როგორ ხდებოდა არ ვიცი, ვერ გავიგე. ვხედავ, რომ არის სიცარიელე ირგვლივ. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი აქ არ უნდა იყოს. ასეთი ადამიანი ციხეში არ უნდა იყოს. მე ასე ვფიქრობ. სხვებმა სხვანაირად გადაწყვიტეს და ვხედავთ ამას. ვინც იღებს ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას იმან გადაწყვიტა.

რაც მივიღეთ საერთოდ ამ ვითარების გამო ნაწყენი ვარ. საზოგადოება საერთოდ უნდა იყოს აქტიური, ქვეყანაში უნდა იყოს საზოგადოება”, – განუცხადა მან მედიას.

გარდა ამისა გიული ალასანიამ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე და განაცხადა, რომ გადის დრო და „არავითარი ექსპერტიზა“ არ ტარდება.

„რაც ზუსტად ვიცი, ჩემი თვალით ვნახე, ადამიანი ჩემს თვალწინ იხრჩობოდა და ძლივს მდგომარეობიდან გამოვიდა. არ ვიცი, იქ პულსი და წნევა როგორი იყო, არ გამიზომია ამის შესაძლებლობა არ მქონდა.

იმედი გამიჩნდა, რომ ექსპერტიზა ახსენეს დაშვებული იქნება და ასე შემდეგ, ახლა ვხედავ, რომ დრო გადის და არავითარი ექსპერტიზა. სამუშაო დღეა, ველოდები რომ ვიღაცა უკვე შევიდოდა, მაგრამ რაღაც არ ჩანს. ჩანს ის, რომ ეს ადამიანი ისევ ვერ ჭამს და ისევ არის მშიერი”, – განაცხადა ალასანიამ.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინის დაზვერვის სამსახურის ორი განცხადება გავრცელდა, თქვეს, თითქოს საქართველო ეხმარება სანქცირებულ კომპანიებს და ინდივიდებს სანქციების გვერდის ავლაში, არავითარი ფაქტი, არგუმენტი არ წარუდგენიათ, სად არის თქვენი რეაქცია, პატრიოტო დეპუტატებო, სად არის ეროვნული ინტერესების დაცვა, რატომ არის სიჩუმე ამაზე?
შემდეგი სტატიაარ არსებობს სანქცია, რომლთაც საქართველო არ დაზარალდება და რუსეთს საფრთხეს შეუქმნის – სუბარი