უსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, უკრაინის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე საქართველოსთან ასოცირებული მონიშვნა შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდეს, სადაც რუსეთს საინფორმაციო, ელექტრონული და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა აქვს განთავსებული.
ანდრო გოცირიძის თქმით, მსგავსი ობიექტები რუსეთის კონტროლირებად ზონებში – როგორც აფხაზეთში და ცხინვალში, ისე დონეცკსა და ლუგანსკში, უკრაინის სპეცსამსახურების ან სამხედროების ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევა, თუმცა საქართველოს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება, რადგან საკითხი უშუალოდ ოკუპაციას უკავშირდება.
მე ღრმად არ დარწმუნებული, რომ იგულისხმება ოკუპირეული ტერიტორიები, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. აფხაზეთშიც და ცხინვალშიც რუსეთს საინფორმაციო ინფრასტრუქტურაც აქვს, ელეტქრონული ბრძოლის საშუალებები ან იგივე კიბერშესაძლებლობები, მაგრამ როდესაც საკომუნიკაციოზეა საუბარი, არ არის აუცილებელი, რომ საინფორმაციო იგულისხმებოდეს, შეიძლება უბრალოდ ლოჯისტიკური შეკრების ცენტრები. დაახლოებით იგივე იყო რუსეთის მხრიდან გაკეთებული დონეცკსა და ლუგანკსში ინფრასტრუქტურა უკრაინის სპეცსამსახურის ან სამხედრო ძალების ლეგიტიმური სამიზნეა, თუმცა საქართველოს ამაზე პასუხისმგებლოა ვერ დაეკისრება, იმიტომ, რომ ზუსტად ეს არის ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხე, – ამბობს ექსპერტი.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ტექნიკური და ოპერატიული მეთოდების კომბინაციით გამოვლენილია რუსული შეიარაღებული ძალების სპეციალური დაცული კომუნიკაციის ტერმინალების ქსელი უკრაინის ფრონტის ხაზსა და აფრიკის კონტინენტზე. ინფორმაცია ოფიციალურ განცხადებაშია გავრცელებული.
დაზვერვამ გამოაქვეყნა რუკაც, სადაც აღნიშნულია სავარაუდო ლოკაციები. ერთ მონიშნულ წერტილს საქართველო შეესაბამება, თუმცა განცხადების ტექსტში საქართველოს შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არის მითითებული.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ უკრაინის დაზვერვის მასალებში ნახსენები რუსული სამხედრო კომუნიკაციის ტერმინალები საქართველოს არ უკავშირდება. უწყება ირწმუნება, რომ უკრაინიდან მსგავსი ინფორმაცია არ მიუღიათ და რუკაზე დატანილმა ლოკაციამ საქართველოს შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე შექმნა.
















