ექსკურსიაზე, ცოლის მოსაყვანად, დედაქალაქის დასათვალიერებლად – „ოცნების“ გზა გურიიდან თბილისისკენ

ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად გურიიდან დედაქალაქში წასასვლელად მხარდამჭერების მობილიზება დილის 6 საათზე დაიწყო.

მმარფთველი პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე ოზურგეთიდან 2500–მდე ადამიანი მიდის:

_ ყველამ თავად გამოთქვა წამოსვლის სურვილი. არავის, არავისთვის არაფერი დაუძალებია. მივდივართ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.

პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა უარყო ინფორმაცია იმის  შესახებ, რომ წამსვლელების უმრავლესობას არ იცოდა თუ რისთვის და რატომ მიჰყავდათ თბილისში, თუმცა, წამსვლელების უმრავლესობამ ვერ გვიპასუხა კითხვაზე თუ რა მიზნით მიდიოდნენ დედაქალაქში. ზოგმა გვითხრა, რომ ექსკურსიაზე მიდიოდა, ზოგმაც შვილის და  შვილიშვილის მონახულება მოიმიზეზა; ერთ–ერთი ახალგაზრდა უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ ცოლის მოსაყვანად მიდიოდა.

იგივე სიტუაცია იყო ჩოხატაურშიც, სადაც ოზურგეთის მსგავსად, შეკრებილებს შორის საჯარო მოხელეები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, ააიპებში დასაქმებული პირები დაგვხვდნენ.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი კუჭავას თქმით ყველა მათგანი საკუთარი სურვილით მიემგზავრება:

_ 1000 ადამიანი მიგვყავს და არავის მიმართ დაძალებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია და თავად გამოთქვეს წამოსვლის სურვილი. შეიძლება ბევრი არ გეუბნებათ სად და რატომ მიდის, მაგრამ ამის  მიზეზი ისაა, რომ ყველას არ შეუძლია კამერის წინ საუბარი, _ გვითხრა კუჭავამ და გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩოხატაურში წასვლა სოციალურად დაუცველებს აიძულეს უარყო:

_ პირადად ვესაუბრე სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელს და მან დამიდასტურა, რომ მსგავი ინფორმაცია არ გადაუცია. ხაზგასმით და დაბეჯითებით ვამბობ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სოციალურ დაუცველ პირებს წასვლა ვაიძულეთ და დახმარების მოხსნით დავემუქრეთ არის მტკნარი სიცრუე, – აღნიშნა კუჭავამ.

იძულების ძალით ხალხის აქციაზე წაყვანას ასევე უარყოფს ქართული ოცნების ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე სარიშვილიც. მისი თქმით, მსურველები უფრო მეტნი იყვნენ, თუმცა, ფიზიკურად ვერ შეძლეს მათი წაყვანა.

ავტორი: ნატო გოგელია

 

 

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭო იმედგაცრუებას გამოთქვეს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნაზე საქარველოს პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიამარია ზახაროვა – მინდა, ვნახო ყველაფერი, რასაც მიყვებოდნენ მეზობლები და მშობლები თბილისზე