ექსკლუზივი-ვისთან ერთად შექმნის პარტიას ვანო მერაბიშვილი

ქვეყნის ხერხემლად წოდებული ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებს. საზოგადოებაში უკვე აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში. ახლა იმის გარკვევას ცდილობს ერი, თუ ვისთან ერთად იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან, თუ „ევროპულ საქართველოსთან“.

ვანო მერაბიშვილი ორივე პარტიისთვის დიდი შენაძენი იქნებოდა. ეს ადამიანი ძალიან დიდი და სერიოზული ინფორმაციის მატარებელია და რაც მთავარია მას დღემდე ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს ძალოვან სტრუქტურებში.

თავად „ქართული ოცნების“ წევრებს აქვთ განცხადებული, რომ პოლიციაში  დღემდე სვამენ მერაბიშვილის სადღეგრძელოს, თანაც ფეხზე ადგომით.

და რა გასაკვირია, რომ ყოფილი ხელისუფლების ორივე განშტოებას უნდა ამ სერიოზული მოთამაშის გადაბირება. მაგრამ საეჭვოა ვანო ვინმემ გადაიბიროს. თუ ეს მისი სურვილი არ იქნება.

არის მოსაზრება რომ მერაბიშვილი თავის პარტიას შექმნის. სადაც დიდი ალბათობით ის ადამიანები გაწევრიანდებიან, რომლებიც შს მინისტრობის დროს მის გვერდით იდგნენ და მის გუნდად ითვლებოდნენ. საუბარია ყოფილ ძალოვანებზე, ვინც დღეს სისტემაში აღარ მუშაობს.

მერაბიშვილს არც დაფინანსების მხრივ უნდა ჰქონდეს პრობლემები. ის ბევრ ბიზნესმენთან მეგობრობს. იქნება თუ არა მისი პარტიის დამფინანსებელი ცეზარ ჩოჩელი ვერ გეტყვით, თუმცა ბიზნესმენს არასდროს დაუმალავს, რომ მერაბიშვილის მეგობარია.

არადა მათი ურთიერთობა მძიმედ დაიწყო. 2003 წელს ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატი ახალგორში ვოვა გუცაევი იყო. ცეზარ ჩოჩელი კი შევარდნაძის პარტიას ყავდა წარდგენილი.

საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ახალგორში ჩასულ ნაციონალებს ჩოჩელის ახლობლებმა კუდით ქვა ასროლინეს _ საცემრად გამოეკიდნენ.

ახალგორის არჩევნები ჩოჩელმა მოიგო, მაგრამ რევოლუცია მოხდა და ხელისუფლებაში ნაციონალები მოვიდნენ. ჩოჩელს მერაბიშვილთან საქმე ბესო ჯუღელმა დაულაგა და მას შემდეგ ისინი მეგობრობენ.

მერაბიშვილი საკმაოდ ჭკვიანია და პარტიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მარტივად არ მიიღეს. ბევრ რამეს გათვლის და ისე იმოქმედებს.

მას იმდენი მოქმედი თუ ყოფილი პოლიციელი უჭერს მხარს, რომ ნულოვან ბარიერს უპრობლემოდ გადალახავს არჩევნებზე და პარლამენტში მოხვდება.

ყოფილი ხელისუფლების ბევრი მომხრეც წავა მასთან. „ევროპული საქართველოს“ და ნაციონალების დაპირისპირება ამ ხალხს უკვე ნერვებს უშლის და მათ რაღაც სხვა უნდათ.

ამ პარტიის განშტოება „გირჩიც“ არის, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძე სულ სხვა პლანეტაზეა გასული.

ასე რომ ვნახოთ, მერაბიშვილს კიდევ რამდენიმე თვე მოუწევს ციხეში ყოფნა და ფიქრისთვის დიდი დრო ექნება.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისით აღფრთოვანებულია და არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ის კარგი მენეჯერია.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში ქალებს სექსუალურად ავიწროვებენ
შემდეგი სტატიასირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეა