ექსკლუზივი: ვინ გაყიდა ,,ქართული ლეგიონი,, უკრაინაში?

მას შემდეგ, რაც გასული წლის 16-17 დეკემბერს, დონბასში ჩატარებულ ოპერაციაში, უკრაინაში მებრძოლ ,,ქართულ ლეგიონს,, 11 მეომარი ერთბაშად დაეჭრა, ქართველმა სამხედროებმა მათი უშუალო სარდლობის, კერძოდ კი ბრიგადის ხელმძღვანელის მაისტერენკოს მხრიდან ღალატში  შეიტანეს ეჭვი, რის გამოც ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ამ სამხედრო დაჯგუფებას, რომელშიც ქართველების გარდა ევროპელები და ამერიკელებიც ირიცხებიან, უკრაინის სარდლობასთან ურთიერთობა ისე დაეძაბა, რომ იმ ხალხს, ვინც უკრაინის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლით იცავდა, თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად და  საბრძოლო პოზიციებზე დასაბრუნებლად, დღემდე უწევთ ბრძოლა.

ის მოსაზრება, რომ ბრიგადის ხელმძღვანელობის მხრიდან  დეკემბრის თვეში ,,ქართული ლეგიონის,,  მოქმედებებზე ინფორმაციის მტრისთვის მიწოდებას და ღალატს ჰქონდა ადგილი, კიდევ ერთხელ დადასტურდა, ამჯერად უკვე  უკრაინის მტრების, ლუგანსკელი სეპარატისტების მხრიდან.

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების სამინისტრომ, იმ ქართველი მებრძოლების მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებიც ,,ქართული ლეგიონის,, წევრებად ითვლებიან, თუმცა ოფიციალურად უკრაინის შეიარაღებული ძალების  გარკვეულ ნაწილში ირიცხებოდნენ. ამასთანავე, სეპარატისტული რეგიონის ე.წ სპეცსამსახურებმა, ქართველ მეომრებზე საქმეც კი აღძრეს.

ისმის კითხვა, ვის შეეძლო მიეწოდებინა ქართველი მეომრების მონაცემები სეპარატისტთა სპეცსამსახურებისთვის?

ამ კითხვით ,,თაიმერმა,, უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის მეთაურს მიმართა.

,,ინფორმაცია, ქართველი მეომრების სახელისა და გვარის, მათი საძახისის ან დაბადების თარიღის შესახებ, შესაძლებელია ნებისმიერ გამცემს ან მოღალატეს მიეწოდებინა მტრისათვის… არ გამოვრიცხავთ, რომ შეიარაღებულ ძალებში ვინმე ასეთი ყოფილიყო… თუმცა, ის ფაქტი, რომ ინფორმაციაში მეომრების სამსახურის ნაწილი,  სამხედრო ჩინი და დაკავებული თანამდებობაც კი არის  მითითებული, ეს ადასტურებს იმას, რომ სეპარატისტებმა ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო სარდლებისაგან მიიღეს. სხვას არავის ჰქონდა ეს ინფორმაცია. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს ეჭვებს, 54-ე ბრიგადის ხელმძღვანელის მხრიდან  ,,ქართული ლეგიონის,, მიმართ ღალატზე და რუსებთან თანამშრომლობაზე,, აცხადებს ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ,,თაიმერთან,, საუბრისას.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო: დონბასში ახალი ოპერაცია დაიწყო
შემდეგი სტატიასკანდალური დოკუმენტი – რა იცის კალაძემ ამ დოკუმენტის შესახებ?!