ექსკლუზივი – სასამართლომ პაატა ბურჭულაძის საბანკო ანგარიში დააყადაღა

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დამთავრდა და, წესით და კანონით, პაატა ბურჭულაძესაც, რომელიც მთელი წინასაარჩევნო პერიდოი ამტკიცებდა, ხელისუფლება მებრძვისო, სკანდალებისთვის თავი უნდა დაეღწია, მაგრამ ასე არ მოხდა. ყოველ შემთხვევაში, „თაიმერითვის“ ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ ბურჭულაძის პარტია ახალ შარში გაეხვა, ანუ იმ დოკუმენტების თანახად, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, ნათელი ხდება, რომ „სახელმწიფო ხალხისთვის“ საბანკო ანგარიშები და სხვა ქონება დაყადაღებულია. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 28 ოქტომბერს, ანუ არჩევნებიდან ზუსტად 20 დღის შემდეგ გამოიტანა.

როგორც სასამართლო დოკუმენტებით ირკვევა, ბურჭულაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შპს „სანატორიუმ კოლხიდას“ დირექტორის, ხატია სარჯველაძის წარმომადგენელმა შეიტანა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ზვიადაძემ სარჩელი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ბურჭულაძის პარტიის ანგარიშს ყადაღა დაადო.

როგორც ჩანს, ბანის პარტიის რაიონულ ორგანზიაციას მოსარჩელისგან ან საოფისე ფართი ჰქონდა ნაქირავები, ან მის წინაშე სხვა პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული, რომელიც არ შეასრულა. შესაბამისად, დაზარალებული იძულებული გახდა, სასამართლოსთვის მიემართა. ჰოდა, ვიდრე ეს ვალდებულება არ შესრულდება, ბურჭულაძის რაიონული ორგანიზაციის ანგარიშზე არსებულ თანხას, რომელიც 26 ათას ლარს აღემატება, ყადაღა ექნება დადებული, ანუ ამ თანხას პარტია, ყირაზეც რომ დადგეს, ვერ გამოიყენებს.

სხვათა შორის, ფინანსები ბურჭულაძის პარტიის აქილევსის ქუსლია. მედიაში არჩევნებამდე ხსშირად გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტას ფინანსური პრობლემები ჰქონდა. თავად ბურჭულაძეც ადასტურებდა, რომ ფინანსური შემოსავლები ხელისუფლებამ გადაუკეტა. მერე, ისიც გახდა ცნობილი, რომ პარტიას ცენტრალური ოფისის ქირაც არ ჰქონდა გადახდილი და ამიტომ, ოფისის დატოვება მოუხდა.

მოკლედ, ამ ყველაფერიდან გამომდინარე, ბურჭულაძე, პოლიტიკოსობაზე რომ არაფერი ვთქვათ, როგორც მინიმუმ, მენეჯერადაც ვერ შედგა. ჰოდა, სოციალურ ქსელში ხუმრობენ კიდეც, არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო. ისევ სცენაზე რომ დარჩენილყო და სიმღერა გაერგრძლებინა, არც ამდენ სკანდალში გაეხვეოდა და მასზე არც ამდენი ჭორი თუ მართალი გავრცელდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, პოლიტიკას რაღაც ისეთი ხიბლი აქვს, რომელიც ყველა პროფესიის ადამიანს ანდამატივით იზიდავს.

„თაიმერი“ აქვე, ოზურგეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ფოტოასლებსაც აქვეყნებს.

 

 

banner
წინა სტატიაშიტრამპმა სეულს ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში თანადგომა დაპირდა
შემდეგი სტატია“ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს”